ახალი ამბები

პარლამენტმა უნდა გაიაროს ის ჯოჯოხეთი, რაც ერთხელ უკვე გაიარა – ბოკუჩავა მელიას საქმეზე

2 დეკემბერი, 2019 • 1245
პარლამენტმა უნდა გაიაროს ის ჯოჯოხეთი, რაც ერთხელ უკვე გაიარა – ბოკუჩავა მელიას საქმეზე

ენმ-ის ლიდერი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარლამენტს “ჯოჯოხეთის” გავლა მოუწევს მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შესაჩერებლად. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო “ქართუ ბანკის” საქმეზე.

ბოკუჩავა “მთავართან” ამბობს:

“კანონი არ ითვალისწინებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანს ავტომატურად ეხსნება იმუნიტეტი და კარგავს პარლამენტარის უფლებამოსილებას, ეს არ არის ავტომატური პროცესი”, – განმარტა ბოკუჩავამ. მისი თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე  პარლამენტს მოუწყვეს  იმ “ჯოჯოხეთის” გავლა, რომელიც ერთხელ უკვე გაიარა:

“სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტმა უნდა გაიაროს ის ჯოჯოხეთი,  რაც ერთხელ უკვე გაიარა, როდესაც (მელიას) ციხეში ამწესებდნენ საკუთარი კოლეგები, მათ შორის, როგორც ჩანს, ბავშვობის მეგობრები, როგორიც, მაგალითად, ბექა ოდიშარიაა”, – ამბობს ბოკუჩავა.

ბოკუჩავას თქმით, მას სჯერა, რომ პარლამენტში არ აღმოჩნდება 76 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერენ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას:

“დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის რეჟიმი უახლოვდება დასასრულს და ამდენი ადამიანი, ჩემი აზრით, არ მოინდომებს, რომ პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს ადამიანს, რომლის რეჟიმიც დასრულებულია”, – განაცხადა ბოკუჩავამ

ნაციონალური მოძრაობის წევრი აღნიშნავს, რომ დღეს დაგეგმილი სასამართლო პროცესები არის პოლიტიკური სასამართლო:

“ეს არის პოლიტიკური სასამართლო, ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრე, როდესაც სამართლდებოდა ჩემი არაერთი კოლეგა ამ შენობაში და ეს ყოველთვის არის წინასწარ დადგმული სპექტაკლი იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებებს არ იღებენ მოსამართლეები, ამ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების ეშინია და ფიქრობს, რონ აი, ამ ცირკით შეაშინებს მათ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკა მელიას დღეს, 2 დეკემბერს, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით 2 წელსა და სამი თვემდე დავიდა. მელია გამართლდა მისთვის წარდგენილ ერთ მუხლში, მეორეში (332 მუხლში) კი გამტყუნდა.


“ქართუს” საქმე

2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.

“დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”,– განაცხადა გიორგობიანმა

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

“დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდიდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სიანმდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ”

შსს აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა.

“შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები”.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ ამ საქმეში 25 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება:

“დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ 09:30 საათზე სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს 7 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც 25 ადამიანს აქვს შეწყვეტილი საქმე… ამ საქმეს 7 წლის მანძილზე იხილავდნენ, უძრავად იყო და დღეს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. ცალსახაა, რომ ადგილი აქვს ამ საქმის ინსტრუმენტად გამოყენებას იმისთვის, რომ ჩამოიშორონ პოლიტიკიდან ნიკა მელია, როგორც მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი”, – აცხადებს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ადვოკატების ცნობით, მელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რომელთაგან ყველაზე მძიმე ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

ნიკა მელიას განაჩენის მერე, სავარაუდოდ, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება 

მასალების გადაბეჭდვის წესი