ახალი ამბები

ამოცანად რჩება, გამომაგდონ პარლამენტიდან – მელიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

2 დეკემბერი, 2019 • 1844
ამოცანად რჩება, გამომაგდონ პარლამენტიდან – მელიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა მელია “ქართუ  ბანკის“ საქმეზე განაჩენის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს, სადაც ამბობს, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და პარლამენტიდან მის გამოგდებას ემსახურება.

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადა, რომლის მიხედვითაც, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით 2 წელსა და სამ თვემდე დავიდა.

ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბარში საქმეს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ თავდაპირველად “ქართუს“ საქმეზე 25 ადამიანს წაუყენეს ბრალი, თუმცა, 7 წლის შემდეგ “მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და შემომიტოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში“.

“აბსურდული საქმეა და ამაზე არ შევჩერდები. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც კვლავ გადის “კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე“ აღსასრულებლად..

არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს, თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს … კვლავ ჩაუგდო კენჭი “ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და სხდომათა დარბაზში მათ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელონ: ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა, იქნება ვადის ამოწურვამდე მათი კოლეგა [ანუ დეპუტატი] თუ არა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ. ბუნებრივია, თუ მიაჭერს – მიაჭიროს“, – ამბობს მელია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ მისი ძალაუფლების ვერტიკალი ჩამოშლილია, მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს კი მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს:

“რეალურად, ახლა, მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, რასაც უნდა უყარონ კენჭი, უახლოეს სასესიო სხდომაზე ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება “ოცნების“ დეპუტატების გარეშე. კოლექტიურად “ბექა ოდიშარიებმა“ უნდა მიაჭირონ ხელი იმ ღილაკს, რომელზეც მიჭერა არ უნდათ, მაგრამ უღირთ.

ამ ეტაპზე ივანიშვილს მიაჩნია, რომ ამოცანა, რომელიც ვერ შეასრულა 20 ივნისის შემდეგ …. ანუ მე შემოვრჩი დეპუტატად, და სამაჯურიც კი მიკეთია, კი გამანეიტრალა ოდნავ პლიტიკური პროცესებიდან, მაგრამ – არა იმდენად, რამდენადაც მას სურდა“, – ამბობს მელია.

რაც შეეხება მეორე საქმეს, რომელზეც მელიას  20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ედება ბრალი, იგი ამბობს: “ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ ვერც ერთი სისხლისამართლებრივი საქმე ვერც ერთ ოპონენტსა და აქტივისტს ვერ შეაჩერებს“.

“ქართუს” საქმე

2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.

“დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”,– განაცხადა გიორგობიანმა

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა,  ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

“დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში,  უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სიანმდვილეში ამავე ქონების ყოფილი  მეპატრონეები აკონტროლებდნენ”

შსს აცხადებს, რომ  ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა.

“შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59  997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები”.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ ამ საქმეში 25 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება:

“დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ 09:30 საათზე სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს 7 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც 25 ადამიანს აქვს შეწყვეტილი საქმე… ამ საქმეს 7 წლის მანძილზე იხილავდნენ, უძრავად იყო და დღეს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. ცალსახაა, რომ ადგილი აქვს ამ საქმის ინსტრუმენტად გამოყენებას იმისთვის, რომ ჩამოიშორონ პოლიტიკიდან ნიკა მელია, როგორც მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი”, – აცხადებს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ადვოკატების ცნობით, მელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რომელთაგან ყველაზე მძიმე ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

ჯარიმა და 2 წელი და სამი თვე თანამდებობის დაკავების შეზღუდვა – განაჩენი მელიას “ქართუ ბანკის” საქმეზე

ნიკა მელიას განაჩენის მერე, სავარაუდოდ, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება 

მასალების გადაბეჭდვის წესი