დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გამომძიებლის დადგენილებით მისი დაცვის ქვეშ მყოფ „აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“.
კერძოდ, ადვოკატის ცნობით, ელიზბარაშვილს აეკრძალა: ხანგრძლივი პაემნის უფლება; ხანმოკლე პაემნის უფლება; მიმოწერის უფლება; სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
რაც შეეხება საფუძვლებს, ადვოკატი წერს:
„აკრძალვის საფუძვლები:
- მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე;
- მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე;
- მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე“
4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.
8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს. მან ისაუბრა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეც.
იხილეთ ასევე:
