ახალი ამბები

ჯარიმა და 2 წელი და სამი თვე თანამდებობის დაკავების შეზღუდვა – განაჩენი მელიას “ქართუ ბანკის” საქმეზე

2 დეკემბერი, 2019 • 1885
ჯარიმა და 2 წელი და სამი თვე  თანამდებობის დაკავების შეზღუდვა – განაჩენი მელიას “ქართუ ბანკის” საქმეზე

“ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა.

მელია მისთვის გამტყუნდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში, ხოლო გამართლდა ბრალდებაში, რომელიც გულისხმობდა  წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარებას მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. 

“ჩვენ ველოდებოდით გამამტყუნებელ განაჩენს, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეხება მუხლს, რომელშიც გამართლდა მელია, გავეცნობით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტიელბას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების შესახებ”, – განაცხადა საქმის პროკურორმა პროცესის შემდეგ.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ამავე საქმეზე იყო ბრალდებული, ის ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო სასამართლომ და საერთო ჯამში, ძირითად სასჯელად 5 წლისა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

“ქართუს” საქმე

2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.

“დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”,– განაცხადა გიორგობიანმა

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა,  ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

“დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში,  უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სიანმდვილეში ამავე ქონების ყოფილი  მეპატრონეები აკონტროლებდნენ”

შსს აცხადებს, რომ  ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა.

“შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59  997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები”.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ ამ საქმეში 25 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება:

“დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ 09:30 საათზე სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს 7 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც 25 ადამიანს აქვს შეწყვეტილი საქმე… ამ საქმეს 7 წლის მანძილზე იხილავდნენ, უძრავად იყო და დღეს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. ცალსახაა, რომ ადგილი აქვს ამ საქმის ინსტრუმენტად გამოყენებას იმისთვის, რომ ჩამოიშორონ პოლიტიკიდან ნიკა მელია, როგორც მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი”, – აცხადებს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ადვოკატების ცნობით, მელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რომელთაგან ყველაზე მძიმე ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი