ახალი ამბები

ტალინში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

30 ნოემბერი, 2019 • 2679
ტალინში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

დღეს, 30 ნოემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქალაქის მთავარ, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გააპროტესტეს და მას სოლიდარობა გამოუცხადეს.

„მოგეხსენებათ, ექიმი გაფრინდაშვილი აქამდე რჩება ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ტყვეობაში, რაც კიდევ ერთხელ წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ნათელ მაგალითს“, — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციას, რომელიც ქართული სათვისტოს ორგანიზებით ჩატარდა, დაესწრო საქართველოს ელჩი ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილი.


ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

გაფრინდაშვილის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ედავება საზღვრის უკანონო კვეთას, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით.

მოგვიანებით, 19 ნოემბერს, ცხინვალის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში.

აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი