ახალი ამბები

ამ ეტაპზე ფილარმონიის პრივატიზება არ განიხილება – თურნავა

29 ნოემბერი, 2019 • 1862
ამ ეტაპზე ფილარმონიის პრივატიზება არ განიხილება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამ ეტაპზე ფილარომიის იჯარით გასხვისება ან გაყიდვა არ იგეგმება.

სამინისტრო მის ბალანსზე არსებული საკონცერტო დარბაზისთვის ახალი დირექტორის დანიშვნასაც გეგმავს. ამასთან, სასამართლოში “ინტერნეიშენალ ივენთსთან” გაგრძელდება დავა, რომლისგანაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რამდენიმე მილიონიანი დავალიანების/ჯარიმის გადახდას ითხოვს.

“კომპანიასთან სასამართლოში დავა გვაქვს იმ საჯარიმო სანქციებზე, რაც აქამდე დაგროვდა. ჩვენ ასევე შევცვალეთ მენეჯმენტი. ამ ეტაპზე მენეჯერი ჩვენი ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომელია, რომელიც იქ ინვენტარიზაციას აკეთებს. შემდეგში ვიმსჯელებთ უფრო პროფესიონალურ მენეჯმენტზე, რადგან ჩვენი ამოცანაა, ეს კულტურული ცენტრი განვითარდეს და სრული მასშტაბით დაიტვირთოს. ამ ეტაპზე პრივატიზებას არ განვიხილავთ”, -ამბობს თურნავა.

9 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა. შედეგად, მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის განხორციელება ვადის გადაცილებით, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.

“ინტერნეიშენალ ივენთსის” დირექტორი გიორგი კერესელიძე სახელმწიფოს წინაშე დავალიანების დაგროვების მიზეზად მაღალ მოსაკრებელს ასახელებს. მისივე თქმით, სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მოსაკრებლის შემცირებას სთხოვდნენ:”ჩვენ 2010 წლიდან ვითხოვდით მართვის საზღაურის [250 ათასი ლარის] გადახედვას და რეალურ ციფრზე დასმას.”


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, “ინტერნეიშენალ ივენთს”  სახელმწიფოს მიმართ ერიცხება, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით, 3 115 146 ლარის და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება.

შპს “ინტერნეიშენალ ივენთსის” 95%-იანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა, რომელიც, ამავდროულად, “ისთერნ ფრომოუშენსის” 90% წილს ფლობს და არის მისი დირექტორი. ამ კომპანიაში მიხეილ გიორგაძე ერთ-ერთი მეწილე იყო. 2014 წლიდან კომპანიაში გიორგაძე წილს ოფიციალურად აღარ ფლობს. გიორგაძემ მის მფლობელობაში არსებული 22.50% უსასყიდლოდ გადასცა დავით მენაბდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი