ახალი ამბები

სახელმწიფომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშკრულება შეუწყვიტა და სასამართლოში უჩივლა

9 ნოემბერი, 2019 • 3930
სახელმწიფომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშკრულება შეუწყვიტა და სასამართლოში უჩივლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.

“კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო. ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე. შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, “ინტერნეიშენალ ივენთს”  სახელმწიფოს მიმართ მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით, 3 115 146 ლარის და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება.

შპს “ინტერნეიშენალ ივენთსის” 95%-იანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა, რომელიც, ამავდროულად, “ისთერნ ფრომოუშენსის” 90% წილს ფლობს და არის მისი დირექტორი. ამ კომპანიაში მიხეილ გიორგაძე ერთ-ერთი მეწილე იყო. 2014 წლიდან კომპანიაში გიორგაძე წილს ოფიციალურად აღარ ფლობს. გიორგაძემ მის მფლობელობაში არსებული 22.50% უსასყიდლოდ გადასცა დავით მენაბდეს.

ამ თემაზე:

“რაჭველს დაემართა გიგანტომანია” – რატომ არ სურთ ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემა

მასალების გადაბეჭდვის წესი