ახალი ამბები

ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა დაბრუნდეს – საია

13 მარტი, 2019 • 1710
ფილარმონია სახელმწიფოს მართვაში უნდა დაბრუნდეს – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოითხოვს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს მართვაში დაუბრუნდეს. ორგანიზაცია ამის მიზეზად მმართველი კომპანიის მიერ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

საია-ში აცხადებენ, რომ 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, შპს  ინტერნეიშენალ ივენთს  სახელმწიფოს მიმართ, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით , 3 115 146 ლარის და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება. დავალიანების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

“აღნიშნული დავალიანება მოიცავს პერიოდს 2010 წლის პირველი იანვრიდან დღემდე. საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 4 იანვარს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ და აცნობა, რომ სააგენტო იყენებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „6.2.“ პუნქტს და კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა. შესაბამისად, კომპანიისთვის განცხადების ჩაბარების მომენტიდან მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება,”-წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-ს ინფორმაციით, ამის შემდეგ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ წერილობით მიმართა მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და მოითხოვა შემდეგი:

– პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება;

– მართვის საზღაურის, 250,020 ლარის – 100,000 ლარამდე შემცირება;

– არსებული დავალიანების გადახდის 9-წლიან გრაფიკზე გადანაწილება;

– 100 ადგილობრივი ღონისძიების ნაცვლად 60 ადგილობრივი ღონისძიების ჩატარება.

ორგანიზაციის ცნობითვე, მათთვის უცნობია, თუ რა გაგრძელება მოჰყვა მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სახელზე კომპანიის მიერ გაგზავნილ განცხადებას. მაგრამ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის პირველ მარტს საიას სახელზე გამოგზავნილ წერილში სააგენტომ ღიად აღნიშნა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის.

“იურიდიულად, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“  ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვრიდან არის შეწყვეტილი. შესაბამისად, შესაძლოა ამ პროცესში ადგილი ჰქონდეს გარკვეულ არაფორმალურ კომუნიკაციას, რომლის მიზანსაც თბილისის საკონცერტო დარბაზის, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მართვაში დარჩენა წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ:

– სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროცედურები, რომელიც „თბილისის სახელწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფოს მართვაში დაბრუნებასთან არის დაკავშირებული;

– ასევე, დროულად და პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას „თბილისის სახელწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფოს მართვაში დაბრუნდების მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ,”-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ სამინისტროს ვკითხეთ, მათი გადაწყვეტილებთ ხომ არ მოხდა ფილარმონიის მმართველი კომპანიისთვის ხელშეკრულების გაგრძელება. უწყების პოზიციას მიღებისთანავე გავავრცელებთ.

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის” 95%-იანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა, რომელიც ამავდროულად “ისთერნ ფრომოუშენის” 90% წილს ფლობს და არის მისი დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი