ახალი ამბები

ომბუდსმენი: მოვუწოდებ ხელისუფლებას და საზოგადოებას, ხელი შეუწყოს ჰომოფობიის აღკვეთას

16 მაისი, 2015 • 1139
ომბუდსმენი: მოვუწოდებ ხელისუფლებას და საზოგადოებას, ხელი შეუწყოს ჰომოფობიის აღკვეთას

ომბუდსმენის ცნობით, ხვალ, 17 მაისს, სახალხო დამცველის აპარატი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება. დღის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზის ნომერი: 2 91 38 14; 2 91 38 15.


ომბუდსმენის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არის დაფუძნებული.

 

“17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ დღეს დაფიქსირდა,”– აცხადებს ომბუდსმენი.

 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჰომოფობიური განწყობა მჭიდრო კავშირშია საზოგადოების სოციალური და კულტურული  შემწყნარებლობის ზოგად დონესთან. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

 

გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა.

 

“სამი წელი გავიდა და, სამწუხაროდ, არც ერთ ძალადობის ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი,”– აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია 2012 წლის 17 მაისის საქმეზე  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე–3 (წამების აკრძალვა); მე–10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე–11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა მე–14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკაში განხორციელების გარანტი. ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ  ამ უფლებების რეალიზაციის პროცესში საფრთხე არ დაემუქროს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

2012 და 2013 წლების 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ომბუდსმენი “სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებებად” აფასებს და ამბობს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. 2014 წლის 17 მაისი არ აღნიშნეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველებმა, რადგან გასული წლების გამოცდილებით მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი