ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩემი ძმა წამლებს მასმევდა, განიკურნებიო”, – აზერბაიჯანელი ლგბტ-თემის წევრი

17 მაისი, 2019 •
“ჩემი ძმა წამლებს მასმევდა, განიკურნებიო”, – აზერბაიჯანელი ლგბტ-თემის წევრი

აზერბაიჯანში 17 მაისი, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, საზოგადოების აგრესიული განწყობების გამო კვლავ ვერ აღნიშნეს. ღია ღონისძიებების ჩატარება აქაც რისკებს უკავშირდება. ლგბტ თემის მხარდამჭერი მოქალაქეების ერთადერთი აქცია ფეისბუკზე ფერადდროშიანი ფოტოს დაყენებით გამოიხატა.

სწორედ საზოგადოებრივი განწყობების გამო აზერბაიჯანში მცხოვრები თემის წევრები მხოლოდ ანონიმურად საუბრობენ საკუთარი ისტორიების შესახებ მედიასთან.

23 წლის სამირა [სახელი შეცვლილია] ბაქოდან აცხადებს, რომ 15 წლის ასაკში, როდესაც მიხვდა, რომ განსხვავებული გენდეური იდენტობა ჰქონდა, დედას გაანდო.

“დედამ სერიოზულად არ აღიქვა ჩემი ნათქვამი, გაიზრდები და გადაგივლისო. ჩემი ძმის რეაქცია კი სრულიად განსხვავებული იყო. მაშინ მოსკოვში ცხოვრობდა და ჩემი იქ წაყვანა გადაწყვიტა. ერთი წლის განმავლობაში მაწვალებდა, მცემდა, შეურაცხყოფას მაყენებდა. მეუბნებოდა, რომ თუ არ შევიცვლები, მომკლავდა. რაღაც წამლებს მასმევდა, ავადმყოფი ხარ და მე განგკურნავო. ერთი წლის შემდეგ მოვატყუე, ვუთხარი, რომ უკვე განვიკურნე, უკვე ბიჭები მომწონს და გათხოვებაც მინდა. დამიჯერა და ბაქოში გამომიშვა უკან”, – ამბობს სამირა გამოცემა meydan.tv-სთან საუბარში.

პირველად 2014 წელს აზერბაიჯანში 17 მაისი ორგანიზაციამ Nefes LGBT Azerbaijan ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით აღნიშნა. მას შემდეგ ყველა ღონისძიება, რომელიც ამ დღეს მიეძღვნა, დახურულ სივრცეებში ტარდებოდა.

ჰომოფობიური განწყობების გამო ღია ღონისძიებები 17 მაისს, აზერბაიჯანის მსგავსად, არც საქართველოში და სომხეთში ჩატარებულა.

ანონიმური წერილები მოქალაქეებს – როგორ აღნიშნავენ 17 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი