ახალი ამბებირეკლამა

იაპონიის საელჩომ ტექნიკური სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა გამართა

27 ნოემბერი, 2019 • 1183
იაპონიის საელჩომ ტექნიკური სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა გამართა

21 ნოემბერს იაპონიის საელჩომ გამართა ტექნიკური სამუშაო შეხვედრა, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან. შეხვედრის მიზანია, სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორების თავმოყრა და მათ მიერ ისეთ გამოწვევებზე მსჯელობა, როგორიცაა სიღარიბე და მასთან გამკლავების გზები, გარემოსდაცვითი პრობლემები საქართველოში და მათთან გამკლავების გზები, რეგიონებისა და მაღალმთიანი სოფლების განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი სფეროს სპეციალისტები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. შეხვედრის დისკუსიის შედეგების დეტალური ჩანაწერისა და ანალიზის საფუძველზე, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (მცირე გრანტების პროგრამა) განაახლებს მუშაობას და დაიწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას უახლოეს მომავალში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 176 მცირე საგრანტო პროექტი, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 17 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.

საელჩოს მიერ დაფინანსებული ბოლო სამი პროექტის მაგალითია:

  1. სამედიცინო ტექნიკის შეძენა ნიქოზის ამბულატორიისთვის, გორის მუნიციპალიტეტში – პროექტის ფარგლებში, ნიქოზის სოფელში მდებარე ამბულატორიას გადაეცემა სამედიცინო ტექნიკა, რაც გაზრდის ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის;
  2. მეორადი სახანძრო მანქანის გადაცემა ბათუმის მუნიციპალიტეტში – პროექტის ფარგლებში, სახანძრო მანქანა გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ბათუმში მაღალ სართულებზე ხანძრებთან ბრძოლისთვის, ამ სფეროში ქალაქის მზარდი საჭიროებებიდან გამომდინარე;
  3. ნარჩენების შესაგროვებელი მძიმე ტექნიკის შეძენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის – პროექტის ფარგლებში, მძიმე ტექნიკა გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ნარჩენებისგან მუნიციპალიტეტის გასუფთავებისთვის, ქალაქ ოზურგეთისა და გურიის რეგიონის მიერ შემუშავებული მწვანე სტრატეგიის ფარგლებში, რაც დაეხმარება ქალაქს გადავიდეს ნარჩენების სეგრეგაციაზე და ნარჩენების მართვის უფრო მდგრად მოდელზე.

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ იხ. იაპონიის საელჩოს ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი