ახალი ამბები

ადასდ

15 მაისი, 2015 • • 1256
ადასდ

განათლების სამინისტროს შეფასებით, მეცნიერებათა აკადემია ბუბა კუდავას მხარდაჭერით არაჯანსაღ გარემოს ქმნის

 

საქართველოს განათლების სამინისტრო მეცნიერებათა აკადემიასა და სხვა დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის არჩევამდე განცხადებების გავრცელებისგან და თავი შეიკავონ.

 

სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, რომ თავი შეიკავონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის არჩევის პროცესის გართულებისაგან, რათა კომისიას, რომელიც შეარჩევს დირექტორს, მიეცეს საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.   

 

სამინისტრო მიიჩნევს, მეცნიერებათა აკადემიის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე დადგენილების გამოცემით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.  

 

სამინისტრო აცხადებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცედურებითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს და იმოქმედებს, რა მიზნითაც, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა სამინისტროს წარმომადგენლებითა და დარგის სპეციალისტებით.

 

კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც.

აქცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 04.05.2015
აქცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 04.05.2015

სამინისტრო პირობას დებს, რომ რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეო გადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს. 

 

“შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას”, – აცხადებს სამინისტრო.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 2015 წლის 16 თებერვალს გამოაცხადა. მინისტრის გადაწყვეტილებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ეწინააღმდეგებიან და ბუბა კუდავას მხარდასაჭერად 4 მაისს აქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი