ახალი ამბები

დაღესტანში ნაპოვნ ხელნაწერზე ასომთავრულით გადაწერილი სახარება იკითხება – ხელნაწერთა ცენტრი

4 აპრილი, 2019 • 1635
დაღესტანში ნაპოვნ ხელნაწერზე ასომთავრულით გადაწერილი სახარება იკითხება – ხელნაწერთა ცენტრი

დაღესტანში დაცული ისლამური ხელნაწერის ქვედა ფენაზე ასომთავრულით გადაწერილი სახარების ტექსტი იკითხება. ამის შესახებ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრი წერს, რომ მახაჩკალაში, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი, შესაძლოა, VI-VII საუკუნეებით თარიღდებოდეს.

“2018 წელს დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, მივლინებით იმყოფებოდა აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ჩიტუნაშვილი დალი.

მან შეისწვლა ხელნაწერი და დაადგინა, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა არის სახარება, რომელიც სრული ტექსტოლოგიური კვლევის დასრულებამდე VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ამ ეტაპზე ხელნაწერის ტექსტი მთლიანად იდენტიფიცირებული და გადმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი მზადდება გამოსაცემად,” – წერია ცენტრის განცხადებაში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ასევე განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ ხელნაწერზე ინფორმაცია 2014 წლიდან აქვს და სწორედ ამ დროიდან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მეცნიერებს ხელნაწერის უკეთ შესწავლის საშუალება ჰქონოდათ.

ცენტრმა განცხადება იმის შემდეგ გაავრცელა, რაც 29 მარტს რუსულ ტელეკომპანია “რასიაზე” სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტის მიხედვით, დაღესტნის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში ხელნაწერთა აღწერის დროს ძველი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს.

თუმცა ინსტიტუტის თანამშრომლები თავდაპირველად არ ელოდნენ, რომ ასეთი ძველი იქნებოდა და ერთდროულად ორ ხელნაწერს, მათ შორის ერთს – ასომთავრულზე, შეიცავდა. მანამდე მსგავსი სახის ხელნაწერები მეცნიერებს დაღესტანში არ აღმოუჩენიათ. ტელეკომპანია ინსტიტუტზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხელნაწერი საბჭოთა კავშირის დროს მეცნიერებთან ურბას დასახლებიდან მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი