ხელოვნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელნაწერთა ცენტრი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადავა

30 ივნისი, 2015 • • 2164
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელნაწერთა ცენტრი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადავა

საქართველოს მთავრობის განმარტებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის სქემის  მიხედვით, შეიქმნება ცენტრის ახალი დებულება, გაიზრდება სახელფასო განაკვეთები და საშტატო განრიგის სტრუქტურირება მოხდება.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება, 30 ივნისი კი ხელნაწერის დღედ დაწესდება.

 

აღნიშნულ საკითხებზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან შეხვედრისას იმსჯელა.

 

„დღეს პრემიერ–მინისტრს  წარმოვუდგინეთ რეორგანიზების გეგმა, ახალი დებულებით, გაზრდილი სახელფასო განაკვეთებით და სტრუქტურული საშტატო განრიგით, რაც მისასალმებელია. ეს ხელს შეუწყობს ინსტიტუტის გამართულ და ორგანიზებულ მუშაობას. გამოვედით ინიციატივით, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდეს კორნელი კეკელიძის სახელი. დღეს გახლავთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის იუბილე და გამოვდივართ ინიციატივით, რომ 30 ივნისი დაწესდეს ხელნაწერების დღე და მოგვეცემა საშუალება საზოგადოებასთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული,“–განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის განმარტებით, პრემიერ–მინისტრს ის პრობლემური საკითხები გააცნო, რომლებიც  ყველაზე მეტად აწუხებს თანამშრომლებს.

 

„ყველაზე პრობლემური არის შენობის საკითხი. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ყველაზე მეტად პრემიერის მოწონება დაიმსახურა წინადადებამ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განთავსდეს ყოფილი ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში. არ მგონია, ვინმე შეეწინააღმდეგოს ამ აზრს, რომ ხელნაწერთა ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია განთავსდეს  უნიკალურ შენობაში. კიდევ ერთი საკითხი შევაჯერეთ–შეიქმნება ხელნაწერთა დაცვის სახელმწიფო ფონდი. სახელმწიფო იქნება მისი ფუძემდებელი და ეს ფონდი მოახდენს აკუმულირებას თანხების, რათა მომავალში ჩვენ დამოუკიდებლად შევძლოთ ხელნაწერთა შენარჩუნება, მათი შესწავლა და გამოცემა,“–აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი