პარლამენტში ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისადმი მიმართვით დაიწყო. დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას აქციის წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს საპარლამენტო ფორმატს.
„მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს, ის, რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რაც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგადოებას, ნებისმიერ პოლიტიკურ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს, ამისთვის პარლამენტში არის მზადყოფნა. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა.
პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას იმისათვის, რომ მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ჩვენ მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას რეგიონებსა თუ დედაქალაქში.
პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რაც მთელ ქვეყნის ინტერესებშია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობის ფარგლებში, ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, იმ მოქალაქეების ინტერესიც, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ მუშაობას, იქნება ასევე განუხრელად დაცული. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ არ დაზარალდნენ ადამიანები“, – განაცხადა თალაკვაძემ.