ახალი ამბები

აქციის დაშლისას “მთავარი არხის” ჟურნალისტიც დაშავდა

26 ნოემბერი, 2019 • 1579
აქციის დაშლისას “მთავარი არხის” ჟურნალისტიც დაშავდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას, აქციის დაშლის დროს ტელეარხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა.

როგორც ვასილ დაბრუნდაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, აქციის დაშლის დროს წაიქცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა.

ამავე ტელეარხის ცნობით, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს, ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

ამ დროისათვის [09:30] პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციელები არიან მობილიზებული, ასევე, მისასვლელი გზები პოლიციას ავტობუსებით აქვს ჩაკეტილი. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთანაა. ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი