ახალი ამბები

მახსენდება მათი უგემოვნო პერფორმანსი საოკუპაციო ზოლთან – ჯაღმაიძე „გირჩზე“

25 ნოემბერი, 2019 • 1225
მახსენდება მათი უგემოვნო პერფორმანსი საოკუპაციო ზოლთან – ჯაღმაიძე „გირჩზე“

საპატრიარქოს პრესმდივანი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გირჩის დღევანდელ აქციას უგემოვნო პერფორმანსსა და რელიგიური გრძნობებისა და ეკლესიის შეურაცხყოფის მცდელობად აფასებს.

რამდენიმე საათით ადრე „გირჩის“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს: აქციის მონაწილეებს ეჭირათ „ხატები“, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული; მათ ივანიშვილს უმღერეს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“.

აქცია-პერფორმანსი „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან“ დაახლოებით იმავე სტილში გაიმართა, როგორც მრევლი უმღერის მღვდელმსახურებაშეჩერებულ ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს).

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „[ეს იყო] უგემოვნებო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. თუმცა ამ უგემოვნობასთან ერთად მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ასე რომ, ვფიქრობ, უკეთესს მათგან არც უნდა ველოდოთ. ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“.

შარშან, 2018 წლის 10 ნოემბერს, „გირჩმა“ საპროტესტო, ანტისაოკუპაციო აქცია გამართა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის და საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამყოფ ხაზთან: აქციაზე დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს.

ნახეთ ასევე:

“ხატთმებრძოლეობა” – ირაკლი კობახიძე გირჩის აქციას ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი