ახალი ამბები

“სადაც “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს, ეყოლება სატელიტი” – სალაძე

25 ნოემბერი, 2019 • 1221
“სადაც “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს, ეყოლება სატელიტი” – სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას დღეს არაფერი შესთავაზა.

“ამ ტიპის შეთავაზებებს სჯობს, არაფერი შესთავაზონ საზოგადოებას. მე მგონია, ერთადერთი, რაც დღეს შესთავაზა მმართველმა პარტიამ საზოგადოებას, ეს არის არაფერი”, – განუცხადა სალაძემ “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადების შეფასებისას.

სალაძის აზრით, “ოცნება” 2020/21 წელს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო გამოკითხვის ჩატარებითა და ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის არდაყენების დაპირებით არასამართლიან თამაშის წესებს სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს და ამ პროცესში შეყოლა ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება.

მისი თქმით, ეს არ არის პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადმოტანის მცდელობა, პირიქით, ეს ნიშნავს ამ პროტესტის გამწვავებას და ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალში შექმნის მეტ პრობლემას.

“ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე მმართველ პარტიას ძალიან უჭირს, გადაბმულად, თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში ლოგიკურად ისაუბროს მოვლენების ისეთ განვითარებაზე, რომ მომდევნო დღეს წინა დღის ნათქვამი ეჭვქვეშ არ დააყენოს. მაგალითად, ჯერ კიდევ წინა კვირას საუბრობდნენ, რომ პროპორციული არჩევნები გადაწყვეტილია 2024 წლიდან, დღეს კი ამბობენ, რომ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ხელახლა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ასე რომ, მმართველ პარტიას არ აქვს ერთი ჩამოყალიბებული ხედვა. ალბათ, გულწრფელები მხოლოდ მაშინ არიან, როცა იტყუებიან. წარმოუდგენელია, ამ მასშტაბის და ამ ფასის მქონე გადაწყვეტილება, რაც ეხებოდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ათეულობით დეპუტატს ჩაეგდო და დღეს ამ დეპუტატებს ესაუბრათ სრულად მაჟორიტარულზე გადასვლის ინიციატივებზე, რომელიც არაარელისტურია და ქვეყნისთვის კარგს არაფერს მოიტანს”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძე ყურადღებას ამახვილებს საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატების დაწინაურებაზე, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და ამბობს, რომ ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “არანაირი აჯანყება არ ყოფილა”.

“ვიხილეთ, რომ დიდი თამაშის ნაწილი იყო. გარდა ამისა, როცა მმართველი პარტია საუბრობს იმაზე, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” და რიგი ოპოზიციური გაერთიანებები არ დააყენებენ მაჟორიტარ კანდიდატებს ოლქებში, ისინიც არ დააყენებენ კანდიდატებს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ თუ “ქართულ ოცნებას” არ ეყოლება მაჟორიტარი კანდიდატი, ეყოლება სატელიტი დამოუკიდებელი კანდიდატი, ან მხარდაჭერას გამოუცხადებს სატელიტ პოლიტიკურ გაერთაინებას, რომელიც შემდგომში მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებზე “ქართული ოცნების” თანამოაზრე იქნება”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი