ახალი ამბები

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

25 ნოემბერი, 2019 • 1238
ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

ოპოზიციამ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც პარლამენტში ინიცირებისთვის მზადაა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეცემა.

ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. ოპოზიციის კანონპროექტი ითვალისწინებს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღებას.

“ამ მოდელით, დიახაც, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის. ამასთან, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს, მაგრამ იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები – 6,7 ან 8- მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება შესაძლებლობა, მიიტაცოს ხელისუფლება”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს და მხოლოდ 76 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არ დასთანხმდება “ქართული ოცნების” შემოთავაზებას პლებისციტის შესახებ.

“პრობლემა არ არის, ჯერ მიიღოს ის მოდელი, რაზეც ოპოზიცია შთანხმდა და მერე ჩატაროს პლებისციტი – ამ თანმიმდევრობით მხოლოდ. დანარჩენ შემთხვევაში ვინ ჭამს იმას, რომ ჯერ პლებისციტს ჩაატარებს და მერე ისევ ოქრიაშვილზე ვიქნებით დამოკიდებული, თუ გაუბედა წინააღმდეგობა ქართველ ერს. მიიღოს ჩვენი პროექტი, მერე ჩატაროს პლებისციტი, ეს შეურაცხყოფა წაიღოს უკან და მერე პლებისციტსაც მოვუგებთ”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი