ახალი ამბები

ხუნდაძე: დავარეგისტრირებთ სრულად მაჟორიტარულის კანონპროექტს

25 ნოემბერი, 2019 • 1257
ხუნდაძე: დავარეგისტრირებთ სრულად მაჟორიტარულის კანონპროექტს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მაინც დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

25 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის გენერალურმა დირექტორმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ გუნდში, მათ შორის იმ მაჟორიტარებთანაც, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან, შეთანხდნენ 2020 წლის არჩევნების უცვლელი წესით ჩატარებაზე;

მან ასევე თქვა, რომ მაჟორიტარები „გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კეჭიყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“.

მოგვიანებით დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ავტორია ამ ინიციატივისა, პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა:

„საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ჩვენ არ შევეხებით 2020 წლისთვის და გავაგრძეელბთ მუშაობას. ამას 2020 ან 2021 წელს დაემთხვევა პლებისციტი ან რეფერენდუმი, ანუ ხალხის დამოკიდებულებაც გვეცოდინება და იმის მიხედვით გავაგრძელებთ ჩვენს აქტივობას“…

ხუნდაძის თანახმად, მაჟორიტარების გეგმა ასეთია: „დავარეგისტრირებთ კანონპროექტს [მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე], შემდეგ უკვე დარეგისტრირებული კანონი, პროცედურის შესაბამისად, გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, მოხდება განხილვა და შემდეგ უკვე მოგვცემენ ფორმებს [ხელმოწერების ბლანკებს],  რითიც გავალთ რეგიონებში, მოვაგროვებთ 200 000 ხელომოწერას და ასევე ვიმუშავებთ ხალხთან“…


ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს, თუმცა ოცნება ამ საკითხის რეფერენდუმზე ან პლებისციტზე გატანას აპირებს.

იმისათვის, რომ კონსტიტუცია ერთი მოწვევის პარლამენტმა შეცვალოს, საჭიროა 113 ხმის მობილიზება. როგორც ცნობილია, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წელსვე ითხოვს, ეს „ქართული ოცნების“ დაპირებაც იყო, რომელიც არ შესრულდა.

პროპორციული არჩევნები 2024-შიც სათუოა?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი