ახალი ამბები

უარს ვამბობ სიით შესვლაზე, მაჟორიტარად ვიყრი კენჭს – ქაშაკაშვილი

22 ნოემბერი, 2019 • 3039
უარს ვამბობ სიით შესვლაზე, მაჟორიტარად ვიყრი კენჭს – ქაშაკაშვილი

ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი, რომელმაც წესით, საპარლამენტო საარჩევნო პროპორციული სიის თანახმად, პარლამენტში სოფო ქაცარავას ადგილი უნდა დაიკავოს, აცხადებს, რომ არ უნდა, სიით შევიდეს პარლამენტში და სურს, მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

ეს განცხადება ქაშაკაშვილმა 22 ნოემბრის საღამოს ტვ პირველზე გააკეთა “ებროპული საქართველოს“ წევრ კაკო ბობოხიძესთან დებატებისას.

„უარს ვამბობ სიაზე და მე მინდა, მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარო კენჭი შემდეგ არჩევნებზე, ამერიკული წესით… თუ ოცნება აღიქვამს პროტესტად, დამოუკიდებელ მაჟორიტარად შევდივარ“, — განაცხადა ქაშაკაშვილმა.

სოფო ქაცარავამ პარლამენტის დატოვების შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა. ამას წინ უძღოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო უმრავლესობის დატოვება სხვა დეპუტატებთან ერთად. მას წესით ანაცვლებს 2016 წლის პროპორციულ სიაში 53-ე ნომრად ჩაწერილი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი.

ბენო ქაშაკაშვილი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენია. ის ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოზიციების დასაცავად ტელეეთერებშიც გამოდიოდა.

მის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, რამდენიმე აქტივისტმა ქაშაკაშვილის კუთვნილ სასტუმროსთან მავთულხართები გააბა. ამის მიზეზი ქაშაკაშვილის სატელევიზიო განცხადება გახდა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ბენო ქაშაკაშვილმა მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას თქვა, რომ რუსებმა მავთულხართები გადმოწიეს “ჰა- ჰა 500 მეტრით”.

აქციის შემდეგ ბიზნესმენმა აქტივისტებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი