ახალი ამბები

ბენო ქაშაკაშვილის სასტუმროსთან იმიტირებული მავთულხლართები გააბეს

8 მარტი, 2019 • 1946
ბენო ქაშაკაშვილის სასტუმროსთან იმიტირებული მავთულხლართები გააბეს

დღეს ბენო ქაშაკაშვილის კუთვნილ სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს, რომლებმაც შენობასთან იმიტირებული მავთულხლართები გააბეს. მათ ამ ფორმით გააპროტესტეს ბიზნესმენის კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადება მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო აქტივისტებს აქციაზე ბენო ქაშაკაშვილი შეხვდა. ბიზნესმენმა აქტივისტებს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი განცხადების კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი 500 კვადრატული მეტრით საზღვრის გადმოწევის საკითხი.

“მე, უბრალოდ, შევადარე, სამწუხაროდ, იმ რამდენიმე ათას კვადრატულ და ათი ათას კვადრატულ კილომეტრს, რომელიც იყო დაკარგული. ეკონომიკას ვადარებდით, სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობდით და თქვენი ეს “500 კვადრატული მეტრი” არის ამოგლეჯილი აქედან. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. თქვენს წინაშე ვიხდი ბოდიშს, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ვერ აძოვებენ თავის საძოვარზე საქონელს. ძალიან ვწუხვარ თქვენს წინაშეც, მათ წინაშეც და ჩემი თანაგუნდელების წინაშეც, რომლებმაც აგრეთვე ძალიან მკაცრად გამაკრიტიკეს”, – განაცხადა ბენო ქაშაკაშვილმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი აქტივისტებს შეხვდა და ბოდიში მოიხადა, აქციის მონაწილეებმა მავთულხლართები აიღეს.

“ჩვენი პერფორმანსის მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ბატონ ბენოს მოეხადა ბოდიში იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავის თავზე განიცადეს ის, თუ რა შედეგები მოაქვს ოკუპაციას. შესაბამისად, ჩვენ ავიღებთ ჩვენ მავთულხლართებს, შევწყვეტთ ჩვენ ოკუპაციას. ყველამ გაიგოს, რომ ოკუპაციაზე ასეთი სახის განცხადებებიო არავის არ შერჩება”, – განუცხადა რუსთავი 2-ს მარიამ რიგვავამ.

  • ქავერის კადრი: რუსთავი 2
  • იხილეთ ბენო ქაშაკაშვილის სრული კომენტარი კავკასიის ეთერში, რის გამოც მის სასტუმროსთან მავთულხლართები გააბე:

მასალების გადაბეჭდვის წესი