“სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ მოხდება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება რეაგირება. ამის შესახებ მან დღეს, 22 ნოემბერს, ჟურნალისტებს უთხრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას ბლოკირების საშუალება არ მიეცემა.

“მოვუწოდებ ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების. ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში რაიმე სახის დესტაბილიზაციის შექმნის უფლებას არავის მისცემს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ორშაბათს, 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის ხელახალ პიკეტირებას გეგმავს, რათა დეპუტატებს 26 ნოემბერს დაგეგმილი პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცენ. პარლამენტი პიკეტირებული იყო გასულ კვირასაც, თუმცა 18 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმებმა აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი გახსნეს.

ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა. ამ დაპირების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, ნაცვლად 20124 წლისა. თუმცა მმართველი პარტიის წევრთა ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტი ჩააგდო. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ვადამდელი პროპორციული არჩევნებისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით მართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი