ახალი ამბები

სექტემბერში ლიდერები მარწმუნებდნენ, პროპორციული გავიდოდა – USAID-ის ხელმძღვანელი ევროპაში

21 ნოემბერი, 2019 • 2011
სექტემბერში ლიდერები მარწმუნებდნენ, პროპორციული გავიდოდა – USAID-ის ხელმძღვანელი ევროპაში

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ბროკ ბირმანი, რომელიც USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელობს, წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო ლიდერები 2019 წლის სექტემბერში არწმუნებდნენ, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები აუცილებლად გავიდოდა.

„სექტემბერში თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები გავიდოდა. „ქართულ ოცნებას“ არ აუსრულებია საჯაროდ გაცხადებული პირობა, 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასულიყო. ეს რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, — წერს ბირმანი ტვიტერზე.

მას ასევე გაზიარებული აქვს 2019 წლის 11 სექტემბრით დათარიღებული პოსტი, რომელიც ასახავს არჩილ თალაკვაძესთან მის შეხვედრას და სადაც წერია: „პოზიტიური შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან. მან დადო პირობა, რომ საარჩევნო რეფორმების შემდეგი პაკეტი სექტემბერში გასაჯაროვდება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უპასუხებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR-ის) რეკომენდაციებს“.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობის წევრებმა ჩააგდეს კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელსვე ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა დემონსტრაციების განახლება პარლამენტთან, ბოლოს — პარლამენტის პიკეტირება, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლით დაშალა დემონსტრანტები. 37 ადამიანი დააკავეს. დემონსტრაციები გრძელდება.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს პროპორციული წესით ან მოდიფიცირებული გერმანული მოდელით, რომელიც მანდატების გადანაწილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლობეული ფორმულით უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი