ახალი ამბები

“ჯინი ამოვუშვით” – ზვიად ძიძიგური პროპორციულის ჩავარდნაზე

21 ნოემბერი, 2019 • 1937
“ჯინი ამოვუშვით” – ზვიად ძიძიგური პროპორციულის ჩავარდნაზე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრის და “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილებით პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ “ბოთლიდან ჯინი ამოუშვა, რომლის უკან ჩაბრუნება ძალიან ძნელია” ,- ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა “მთავარის” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შეუსრულებლობა მმართველი პარტიისთვის უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ძიძიგურის განცხადებით, სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა “ქართული ოცნებიდან” წასვლის მიზეზი და ის ვერ აიღებდა მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას:

“მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებასთან ერთად, კონსერვატორებს, კონსერვატიულ პარტიას და მე პირადად ამიღია ყველაფერზე პასუხისმგებლობა და ვიყავით ერთად ყველა იმ საქმეში, რაც კი გაკეთებულა ქვეყანაში, მე პირადად და ჩემმა ორმა მეგობარმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ, არ ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა ძიძიგურმა.

“მიგვაჩნია, რომ ეს არის დამაზარალებელი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და მეორე რიგში, მმართველი პარტიისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის სერიოზული ზიანის მომცემი გადაწყვეტილება”.

ზვიად ძიძიგურმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ სანამ ეს დაპირება ბრიფინგზე ოფიციალურად გამოცხადდებოდა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ უმრავლესობის სხდომაზე გააცნო პარტიის წევრებს, სადაც დისკუსია გაიმართა და პირადად ის გულმხურვალედ  უჭერდა მხარს პროპორციული სისტემის 2020-ში ამოქმედებას.

“არამარტო იქ, მერე “ქართული ოცნების” თხოვნით ეთერებში დავდიოდი და ყველას ვუხსნიდი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ორპოლუსიანი სისტემის ნაცვლად მოხდება პოლიტიკური მინდვრის დივერსიფიკაცია. მეც მივიღე ამაში აქტიური მონაიწლეობა. ამას გარდა, გაეროს ტრიბუნიდან ითქვა, თავი მოვიწონეთ უცხოელ პარტნიორებთან და შემდეგ უცებ აღმოჩნდა, რომ ფაფუ”, – განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია.

მისი თქმით, ძიძიგური “ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში არ არის, თუმცა, მისი აზრით, ამ კონკრეტულ საკითხში ის ძალები, ვინც “ოცნებას” ეწინააღმდეგებიან, მართალნი არიან.

“კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე ასევე 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი