ახალი ამბები

GNCC-ის წევრობის კონკურსში 4 პირი მონაწილეობს, მათ შორის, კახა ბექაური

20 ნოემბერი, 2019 • 1561
GNCC-ის წევრობის კონკურსში 4 პირი მონაწილეობს, მათ შორის, კახა ბექაური

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის მსურველი ოთხი კანდიდატია.

მათ შორის არის კომისიის მოქმედი თავმჯდომარე კახა ბექაური. მის გარდა,  შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ სტუდია “მონიტორის” რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი თანამშრომელი, ივანე მახარაძე და მარიამ სულაბერიძე.

მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის #2164 განკარგულების თანახმად, 2019 წლის 17 ოქტომბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით.

კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა – მმართველ თანამდებობაზე.

კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ მთავრობა, დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას.

მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი კანდიდატურების სიას საქართველოს პრეზიდენტი სამი დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. ამის შემდეგ პრეზიდენტი კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა.

კონკურსის გამოცხადების მიზეზი გახდა ის, რომ GNCC-ის თავმჯდომარე კახი ბექაურს უფლებამოსილების ვადა 2020 წლის იანვარში ეწურება და შესაბამისად, სწორედ მისი ადგილის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი