ახალი ამბები

„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ – რას წერდა პრეზიდენტი დემონსტრანტებზე

20 ნოემბერი, 2019 • 1721
„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ – რას წერდა პრეზიდენტი დემონსტრანტებზე

„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება.

ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“.

ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი ანგარიშით წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და“!

კომენტარის სქრინშოთი

ზურაბიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შიდაპოლიტიკურ დისკუსიებში არ ერევა.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობის წევრებმა ჩააგდეს კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა დემონსტრაციების განახლება პარლამენტთან, ბოლოს — პარლამენტის პიკეტირება, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლით დაშალა დემონსტრანტები. 37 ადამიანი დააკავეს. დემონსტრაციები გრძელდება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს პროპორციული წესით ან მოდიფიცირებული გერმანული მოდელით, რომელიც მანდატების გადანაწილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლობეული ფორმულით უზრუნველყოფს.

ნახეთ ასევე:

ეს არ არის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი