ახალი ამბები

როდესაც საკმარისი ბილეთები არ იყიდება, ფრენა უქმდება – Georgian Airways

20 ნოემბერი, 2019 • 3301
როდესაც საკმარისი ბილეთები არ იყიდება, ფრენა უქმდება – Georgian Airways

Georgian Airways-მა არაერთი მიმართულებით გააუქმა დაგეგმილი რეგულარული ავიარეისები, თუმცა ავიაკომპანიას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია კომპანიის ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზე.

“ბოლო დროს ბევრი ჩივის, რომ “ჯორჯიან ეარვეისი” მოულოდნელად აუქმებს ფრენებს. ეს ფოტო აჩვენებს შემთხვევით, მომდევნო 24 საათში დაგეგმილი ფრენების სტატუსს. არანაირი მიზეზი ან საჯარო განაცხადება ფრენების გაუქმებაზე, კომპანიას არ გაუვრცელებია”, – წერს ფეისბუკზე ერთ-ერთი მომხმარებელი იელგერ გრონვილდი.

ნეტგაზეთი ამ დრომდე ცდილობს კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, ავიაკომპანიის ოფიციალური პოზიცია ამავე სტატიაში აისახოს.

ჩვენ ავიაკომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, როგორც ბრიუსელის მიმართულებით ბილეთის შეძენის მსურველმა, და ვიკითხეთ, რატომ არის გაუქმებული რეისების ნაწილი ბრიუსელის, ბარსელონის, ლონდონისა და სხვა ევროპული ქალაქების მიმართულებით. ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ როდესაც დაგეგმილ ავიარეისზე ბილეთების ერთ მესამედზე მეტი არ იყიდება, არარენტაბელობის გამო ავიაკომპანია რეისს საერთოდ აუქმებს.

გაუქმებული რეისები

სამოქალაქო ავიაციის საგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ინფორმირებულნი არიან რეისების ნაწილის გაუქმების შესახებ და ეს ასახულია ზამთრის სეზონის ფრენების დამტკიცებულ განრიგში (2019 წლის 27 ოქტომბრიდან 2020 წლის 28 მარტამდე პერიოდი).

ამ ოთხთვიან პერიოდში “ჯორჯიან ეარვეისმა” გააუქმა რეისების ნაწილი თბილისიდან ბარსელონის მიმართულებით. მაგალითად, რეისები გაუქმებულია 2019 წლის 19 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე, ასევე, 2020 წლის 12 იანვრიდან 4 მარტამდე. ამ პერიოდში ავიაკომპანია ბარსელონის მიმართულებით ჩვეულებრივ, კვირაში ორჯერ იფრენს.

“ჯორჯიან ეარვეისი” კვირაში ორჯერ დაფრინავს თბილისიდან ბერლინის მიმართულებით. დამტკიცებული განრიგის მიხედვით, ორშაბათის რეისები ჩვეულებრივ შესრულდება, თუმცა პარასკევის რეისები 2020 წლის 16 იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში გაუქმდა.

თბილისიდან ბოლონიის მიმართულებით ოთხშაბათის რეისები გაუქმდა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე, ასევე, 10 იანვრიდან 4 მარტამდე. თბილისიდან ბოლონიისკენ ამ პერიოდში ჩვეულებრივ შესრულდება პარასკევს დაგეგმილი ფრენები.

რაც შეეხება ბრიუსელის რეისებს, კვირის განმავლობაში ყველა რეისი უქმდება 2019 წლის 22 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე, ასევე, 2020 წლის 15 იანვრიდან 4 მარტამდე.

თბილისი-ლონდონი-თბილისის რეისები გაუქმებულია 2019 წლის 23 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე, ასევე, 15 იანვრიდან 11 მარტამდე. სხვა პერიოდებში რეისები ჩვეულებრივ უნდა შესრულდეს.

თბილისიდან პრაღის მიმართულებით გაუქმდა რეისები 22 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე. სხვა პერიოდში აღნიშნული რეისი ჩვეულებრივ შესრულდება.

განრიგის მიხედვით, რეისები საერთოდ არ უქმდება ამსტერდამის, ვენის, თელ-ავივის, კიევის და პარიზის მიმართულებით. ამ განრიგში საერთოდ არ არის მითითებული რეისები ერევნის მიმართულებით. ამ მიმართულებას “ჯორჯიან ეარვეისი” ძირითადად რუსეთის მიმართულებით ტრანზიტული რეისების შესასრულებლად იყენებდა.

კომპენსაცია ფრენის გაუქმებისთვის

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიას აქვს უფლება, სხვადასხვა მიზეზით გააუქმოს დაგეგმილი რეისი, თუმცა ამის შესახებ აუცილებლად წინასწარ უნდა აცნობოს მომხარებელს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია ავიაკომპანიისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, ან 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება.

საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

  • 250 EUR – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია);
  • 400 EUR – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია);
  • 600 EUR – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია).

კოპენსაციას არ ითვალისწინებს, თუ ფრენა გაუქმდა ამინდის გაუარესების ან სხვა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს, კომპენსაციისთვის მიმართოს როგორც ავიაკომპანიას, ისე სასამართლოს. დეტალურად კომპენსაციის წესების შესახებ წაიკითხეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი