ახალი ამბები

ყველა ღონე იხმარეს, რათა გადაწყვეტილების მხარდაჭერა არ მომხდარიყო – ვოლსკი ოპოზიციაზე

19 ნოემბერი, 2019 • 1173
ყველა ღონე იხმარეს, რათა გადაწყვეტილების მხარდაჭერა არ მომხდარიყო – ვოლსკი ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი საარჩევნო სისტემების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ვალი არ აქვს და მისთვის პრეტენზიების წამოყენება მხოლოდ ამომრჩეველს შეუძლია.

“რევოლუციური სცენარის გათამაშება და პარლამენტში შემოჭრა ვერ მოახერხეს, თუმცა საზოგადოებაში კვლავ დარჩა დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც ემატება ჯერ კიდევ არსებულ არაერთ პრობლემას. ბუნებრივია, გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკურ ველზე შექმნილი დაპირისპირების ხარისხი არ გადაგვეტანა საზოგადოებაში და ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია გავამყარეთ პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივით. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო. ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ჰყოლია მხარეები. სანაცვლოდ არავისთვის არაფერი მოგვითხოვია. ჩვენ ინციატივა საზოგადოებას წარვუდგინეთ, ოპოზიცია აქ მხარე საერთოდ არ ყოფილა! მხარე მხოლოდ ამომრჩეველია და თუ ის გაგვინაწყენდა, მან იცის, რა დოზით მოგვთხოვოს პასუხი, რასაკვირველია, საარჩევნო ყუთთან და არა ქვეყნის დამანგრეველი ჯახისას, როგორც ეს ძველ და ახალ “ნაცმოძრაობას” და მათ სატელიტებს წარმოუდგენიათ”, – წერს გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში.

მიუხედავად ამისა, ვოლსკის თქმით, “დაიწყო ახალი ჯახის მზადება… წალეკეს მედიაველი შეძახილებით: წავართვით! დავაჩოქეთ! გავანადგურეთ! იტაცებენ საქართველოს! შტურმი მიიტანეს ეკლესიაზე, ჩართეს “ფეიკ ნიუსების” ყველა მექანიზმი. სამ თვეზე მეტი ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული მიტინგები არ შეუჩერებიათ”.

“აი, მაშინ უკვე კვლავ დაბრუნდა განხილვების ფორმატში ჩემი კოლეგების დავიწყებული შეკითხვა – “კი მაგრამ, ვისთან ერთად ვაპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის სტაბილურობაზე, თუნდაც უმრავლესობის აღების შემთხვევაში?!” შემდეგ რა მოხდა? სწორედ საპარლამენტო განხილვების წინ, ნაცვლად ჩვენი ინიციატივის პოზიტიურობაზე სულ მცირე მინიშნებისა, საკუთარი ვერსია შემოგვთვაზეს, რასაკვირველია, სახეცვლილი. როგორ თუ მხარი არ დაგვიჭირეთო, ინიციატივა არ გადმოგვიფორმეთო და ლანძღვა-გინებამ კულმინაციას მიაღწია. და ამ ფონზე გაუკვირდათ კიდეც, როგორ თუ შერეული სისტემის მომხრეებმა გინება არ შეირჩინეს და თავდახრილებმა და შეურაცხყოფილემა გაბედეს ხმის ამოღებაო, როგორ თუ სკეპტიციზმმა იმატაო! ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველა ღონე იხმარეს, რათა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა არ მომხდარიყო, ხოლო უმრავლესობა გახლეჩილიყო”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს იყო მიზანი, რადგან სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა ოპოზიციისთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად.

“ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ. ვითარება მყისიერად აისახა ვალუტის კურსზე, ეს რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამაში კი ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.
ვიმეორებ, ჩვენ პოლიტოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს. არავითარი უკანონობა არ მომხდარა. მხოლოდ ხალხს, ამომრჩეველს შეუძლია მოგვედავოს, რომ ვთქვით და ვერ შევძელით გაკეთება. თუ ამომრჩეველი გაწბილებულად ჩათვლის თავს, ამას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებზე გამოხატავს”, – აცხადებს ვოლსკი.


დაპირება იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გასცა და საპარლამენტო უმრავლესობის 94 დეპუტატის ხელმოწერით შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა. კენჭისყრის დროს კი უმრავლესობის 40-მა დეპუტატმა პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი