ახალი ამბებიკომენტარი

ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებას საქართველოზე “უტიფრობას” უწოდებს

12 იანვარი, 2023 • 1057
ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებას საქართველოზე “უტიფრობას” უწოდებს

“უტიფრობა”  – ასე აფასებს  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას

პოდოლიაკმა 11 იანვარს ისაუბრა თბილისის უარზე უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპელექსების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას  “ომიდან ათ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს.

“პოდოლიაკის გამოთქმა არის უტიფარი, ეს შეფასებები. მას შემდეგ, რაც საქართველომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო რუსეთის მიმართ, თუ ამის მერე ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, იგი ან უტიფრად აგრძელებს ნაცმოძრაობის პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ანდა პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ხედავს, უკრაინის გარშემო რეგიონში რა ხდება. 

ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისათვის, რათა მივაწოდოთ უკრაინას, გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით”, – განაცხადა ვოლსკიმ 12 იანვარს. 

ამავე თემაზე: ღარიბაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოსკენაა


საქართველო-უკრაინას შორის მორიგი დაძაბულობა 

9 იანვარს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ანდრეი კასიანოვმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ უკრაინამ საქართველოს მიმართა სამხედრო შეიარაღების გადაცემის თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. 

საუბარია სარაკეტო კომპლექს Buk-ზე, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა,  საქართველომ უკრაინისგან შეიძინა 2008 წელს. 

სწორედ ამ საკითხის კომენტირებისას გააკეთა პოდოლიაკმა განცხადება საქართველოს ხელისუფლებაზე და თქვა, რომ “საქართველოს მთავრობასთან ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან სხვაგან არის”. 

ამ საკითხს ვოლსკის გარდა გამოეხმაურნენ  “ქართული ოცნების” სხვა წევრები, თუმცა საქართველოს მთავრობას და თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება, რატომ უთხრეს უარი უკრანაინას სარაკეტო სისტემის გადაცემაზე. 

თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ სარაკეტი სისტემა “ბუკი” საქართველომ უკრაინისგან 2007 წელს შეიძინა და  უკრაინას “არ უჩუქებია”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი