საზოგადოება

ვაჭრობა, პირდაპირი დიალოგი და კონფედერაცია აფხაზეთთან — რაზე ესაუბრა ხიდაშელი ვოლსკის

7 მარტი, 2024 • 3873
ვაჭრობა, პირდაპირი დიალოგი და კონფედერაცია აფხაზეთთან — რაზე ესაუბრა ხიდაშელი ვოლსკის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მას აფხაზეთთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა დეპუტატს მისი მოსაზრებები არ გაუზიარებია.

რა ხდება?

გუშინ, 6 მარტს, პარტიამ „დროა“ გაავრცელა ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა და ინფორმაცია, რომ ისინი განიხილავდნენ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი ურთიერთობების, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნესურთიერთობების საკითხებს.

ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრას პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფე „მელოგრანოში“ პარტია „დროას” წევრები შეესწრნენ.

„დროას“ მიერ გამოქვეყნებული ტექსტური ნაწყვეტები დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:

  • „რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
  • ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
  • ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნესურთიერთობებზე;
  • „რკინიგზის 37 კმ აფხაზეთში არის დანგრეული” — ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
  • „7 კომპანიაა და 20% დღგ”, — ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  • „მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი”, — ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
  • „ღარიბაშვილს ვეუბნებოდი, აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” ,— ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  • „თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” ,— ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს“.

რას ამბობს გიორგი ვოლსკი?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც ამავდროულად პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ შეხვედრა დავით ხიდაშელის ინიციატივით შედგა.

„დავით ხიდაშელმა დამირეკა, — მე მას არ ვიცნობდი ,— საინტერესო მოსაზრებები მაქვსო აფხაზეთთან დაკავშირებით. რომ გავრცელდა ეს ვიდეო, ვერ მივხვდი, ტაშ-ფანდურის მიზეზი რა იყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ხმამაღლა საუბრობდა კაფეში, მიმტანსაც ესმოდა და მაგიდასთან მჯდომ ადამიანს. მერე მივხვდი, რომ „დროას“ ხალხია,  რომელსაც ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას“, — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვთან ხიდაშელის მეგობრობა „არ მოაგონდა“, თუმცა ამას არც არანაირი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხიდაშელს მასთან, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან არ უსაუბრია.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და, მით უმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია“ და „აჟიოტაჟი ამის გარშემო ვერ შეიქმნება“.

„საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს, „ნაცმოძრაობის” პერიოდში იყო რუსეთთან შეთანხმება და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, რომ ეს სატრანზიტო მოძრაობა შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ” გააფორმა რუსეთთან. მაგრამ ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით, მით უმეტეს, რუსეთთან, პრაქტიკულად გამორიცხულია, ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის“, — განაცხადა ვოლსკიმ.

რა შეთანხმებაზეა საუბარი?

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანებაზე გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, 2011 წლის ნოემბერში საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, დააარსონ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი სავაჭრო საქონლის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმი. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთაშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს და შემდეგნაირად მუშაობს:

  • ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. შემდეგ, ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ.

2011 წლის შეთანხმებაში საუბარია 3 სავაჭრო დერეფანში შემავალი ტვირთის მონიტორინგზე. აქედან ორი დერეფანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადის და სწორედ ეს არის წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციების საფუძველი. იმისთვის, რომ მომლაპარაკებელ მხარეებს ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობისთვის თავი აერიდებინათ, შეთანხმებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არანაირი ფორმით არ არის ნახსენები და სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატებით (UTM WGS84 კოორდინატების სისტემის მიხედვით) არის განსაზღვრული.

აღნიშნული კოორდინატების მიხედვით, პირველი სავაჭრო დერეფანი კრასნოდარის მხარეში, ადლერის მახლობლად იწყება, აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდში მთავრდება; მეორე – ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება, სოფელ ნარის (ჩრდილოეთ ოსეთი) მიმდებარე ტერიტორიიდან გორამდე; მესამე დერეფანი ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ფარავს.

ნეიტრალურ კერძო კომპანიად, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, შვეიცარიული SGS (Societe Generale de Surveillance SA) შეირჩა.

შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, რომელმაც რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმებისამებრ, ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა განახორციელოს, საქართველომ კონტრაქტი 2017 წლის 19 დეკემბერს გააფორმა, თუმცა მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა.

პირდაპირი დიალოგი და კონფედერაცია

გიორგი ვოლსკის თქმით, დავით ხიდაშელი ნამდვილად ესაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტების თაობაზე.

„ისიც თქვა, კი, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები კარგი იყოს აფხაზურ მხარესთან. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა, ელაპარაკოს ქართულ მხარეს როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რაც შეუძლებელს ხდის რამე პირადი კონტაქტების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატიდან გასვლას აზრი არ აქვს“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმითვე, ხიდაშელმა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა სიტყვა „კონფედერაცია“ — ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს.

„[თქვა რომ] კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. ამაში თუ რამე დევს ისეთი აზრობრივი, ერთადერთი შეიძლება თქვენ მიაქციოთ ყურადღება, თორემ საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი არა, ყველამ იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთი ვითარებაში არანაირი წინაპირობა და ამაზე ლაპარაკი არ არის“, — დასძინა დეპუტატმა.

ვოლსკი ამბობს, რომ ხიდაშელთან თავისი „შეხვედრის შედეგის იდეას ვერ მიხვდა“, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან დაფინანსებული ადამიანის [ელენე ხოშტარია] პარტიამ „ამბავი ატეხა“. მისი თქმით, „ბევრი რამ განაპირობა დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ“.

„გახსოვთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც ამათი ბელადი ამხილა იმაში, რომ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა, რუკები ჩამოიტანა არქივიდან“, — თქვა ვოლსკიმ.

რეალურად, დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების საფუძველზე გამოძიება წლებია მიმდინარეობს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის „მიწების გასხვისებაზე“ ბრალი წაყენებული არ არის.

ვინ არის დავით ხიდაშელი?

დავით ხიდაშელი „კარტოგრაფების საქმის” ფიგურანტი ბიზნესმენია, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება”.

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ მათ მიზანმიმართულად დამალეს რუკა, რომელიც საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისას უკეთეს პირობებში აყენებდა. „რუკის გამოჩენიდან“ 4 წელი გავიდა, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება, რომ თბილისმა აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში ზემოაღნიშნული რუკის საქართველოს პოზიციების სასარგებლოდ გამოყენება შეძლო.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა, თუმცა შემდეგ ლიცენზია ჩამოერთვა.

ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი