ახალი ამბები

არავისთან ხელი არ მოგვიწერია, გადაგდებაზე საუბარი არაეთიკურია – ყაველაშვილი პროპორციულზე

19 ნოემბერი, 2019 • 2230
არავისთან ხელი არ მოგვიწერია, გადაგდებაზე საუბარი არაეთიკურია – ყაველაშვილი პროპორციულზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ “შემოგდებული თემა” პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ვინმეს გადაგდების შესახებ  არაეთიკური და არასწორია.

ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პროგრამაში “დღის ქრონიკა” განაცხადა.

“ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ, არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია, ამიტომ გადაგდებაზე საუბარი არაეთიკური და არასწორია. ჩვენ გვქონდა შეთავაზება მოქალაქეების მიმართ, მაგრამ შემდეგ განვითარდა საპარლამენტო პროცესი, რომელმაც სხვა სახე მიიღო. მე მაქვს ჩემი მიზეზი, რატომ არ დავუჭირე მხარი და არაერთხელ განვაცხადე ამ მიზეზების შესახებ”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, მაჟორიტარული სისტემაა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი და ოპოზიციის მხრიდან ამ სისტემის ჩამორჩენილობაზე საუბარი არასწორია.

“იცით, რა რისკებთან არის დაკავშირებული პროპორციული სისტემა ასეთ მყიფე დემოკრატილ წყობაში, რომელ ეტაპზეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება?! აქ იქნება კოალიციური მთავრობის, მთავრობის ვერდაკომპლექტების პრობლემა, რომელიც  შეიძლება თვეები და წლებიც გაიწელოს. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში ამ ეტაპისთვის თვითონ პარტიული სისტემა  როგორი გვაქვს, ის პარტიული იდეოლოგია როგორია, მოქალაქეების უმრავლესობამ თუ იცის ამ პარტიების შესახებ? თორემ განვითარებულ ევროპაში დიდ ხანი ვიცხოვრე და ვიცი, იქ სხვა კულტურაა. იქ მივიდეთ, რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. იმის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ეტაპისთვის ასეთი რისკი გავწიოთ”, – განაცხადა ყაველაშვილმა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, შერეულიდან სრულად მაჟორიტულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით ხელმოწერების შეგროვების ინიციატივით გამოდის.

დაპირება იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გასცა და საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინა. კენჭისყრის დროს კი 93 დეპუტატიდან 36-მა პოზიცია შეიცვალა და საკუთარ ინიცირებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა. მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც დღეს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატორებს შორისაა, ჯერ კიდევ 14 ნოემბერს აცხადებდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა, თუმცა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები გამოიკვეთა.

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი