ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი საბოლოოდ გაათავისუფლეს და მშობლიური ავსტრალიისკენ მიემართება. მისი თვითმფრინავი დედაქალაქ კანბერაში თბილისის დროით 13:30 საათზე დაეშვება. დღეს საღამოსვე კანბერაში დაგეგმილია ვიკილიქსის ბრიფინგი, თუმცა უცნობია, თავად ასანჟი დაესწრება თუ არა ამ პრესკონფერენციას.
დიდი ბრიტანეთის ციხეში თითქმის ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯულიან ასანჟთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მისთვის წაყენებული 18 ბრალიდან მხოლოდ ერთი დაუტოვა. ასანჟმა შეთანხმების ფარგლებში აღიარა მისთვის წაყენებული ბრალდება — შეთქმულება საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასამჟღავნებლად. ბრალის აღიარების შემდეგ ასანჟის სასამართლო პროცესი გაიმართა ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების სასამართლოში. ეს არის აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორია წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის კონტინენტის სიახლოვეს.
ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების ქალაქ საიპანის სასამართლომ ასანჟს განაჩენი რამდენიმე საათის წინ გამოუტანა და ბრიტანეთის ციხეში გატარებული წლები მოხდილად ჩაუთვალა. შესაბამისად, ის სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლეს.
ჯულიან ასანჟისა და აშშ-ის შეთანხმების შესახებ გუშინ, 25 ივნისს გახდა ცნობილი. მან ბრიტანული ციხე სწორედ გუშინ დატოვა და კერძო თვითმფირნავით გაემგზავრა ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების მიმართულებით. ასანჟის მხარის ცნობით, აშშ-მა მას კომერციული რეისის გამოყენება შეუზღუდა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, კერძო თვითმფრინავი დაექირავებინათ, რაც $500 ათასზე მეტი დაჯდა. ამ ფულის შესაგროვებლად ვიკილიქსმა სოლიდური შემოწირულობებიც მიიღო ასანჟის მხარდამჭერებისგან.
როგორც CIA-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლარი პფაიფერმა ავსტრალიურ მედიას განუცხადა, ჯულიან ასანჟს თავიდანვე რომ ეთანამშრომლა ამერიკელ სამართალდამცავებთან და ამერიკული სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, ის გაცილებით ადრე შეძლებდა გარეთ თავისუფლად გამოსვლას. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ასანჟი საკმარისად დაისაჯა და ეს შეთანხმება სამართლიანია.
ვიკილიქსის დამფუძნებელი, ჯამში, თითქმის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო იზოლირებული — 5 წელი ეკვადორის საელჩოში თვითიზოლაციაში, ხოლო 5 წელი — ბრიტანულ ციხეში.
პფაიფერის აზრით, იმის გამო, რომ ვიკილიქსმა აშშ-ის სამხედრო დაზვერვისთვის სენსიტიური ინფორმაცია გაამჟღავნა და ამ საქმის დეტალური განხილვა თუ გაიმართებოდა ამერიკულ სასამართლოში, აშშ-ის ხელისუფლება შეეცდებოდა, საქმე სწრაფად დაეხურა, დამატებითი ინფორმაციის დაცვის მოტივით კი ასანჟთან შეთანხმება მალევე გაეფორმებინა და ასევე, თავიდან აერიდებინა ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან წარმოქმნილი დიპლომატიური უხერხულობები.
ავსტრალიელმა ჯულიან ასანჟმა ვიკილიქსი 2006 წელს დააფუძნა, საქვეყნოდ ცნობილი კი 2010 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების ასიათასობით საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის, ოფიციალური მიმოწერები და ავღანეთსა და ერაყში წარმოებული ომის მასალები. ამ მასალებს შორის იყო ინფორმაციები აშშ-ის სამხედროების ჩატარებული ოპერაციების, ჯაშუშებისა და სხვების შესახებ.
ვიკილიქსისა და ასანჟის მიმართ აზრები ორად იყოფა: მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ვიკილიქსის ქმედებებმა ათასობით ამერიკელი სამხედროსა და მათი პარტნიორების სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ, რის გამოც ასანჟმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მომხრეების აზრით კი, ასანჟის მამხილებელი ქმედებები ემსახურებოდა საზოგადოების ინტერესს, გაეგო სიმართლე სახელმწიფოს ქმედებების შესახებ.
ჯულიან ასანჟის სამართლებრივი დევნა 2010 წელს, საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებიდან მალევე დაიწყო, მაგრამ თავდაპირველად სულ სხვა საბაბით.
2010 წელს შვედეთის პროკურატურამ მისი დაკავების ორდერი გასცა გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო. ასანჟი ლონდონში დააკავეს, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს და დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა მისი შვედეთში ექსტრადირების მიზნით. ვიკილიქსის დამფუძნებელი ამ ბრალდებებს იმთავითვე უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.
2012 წელს დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვიტა ასანჟის შვედეთში ექსტრადირება, თუმცა ვიკილიქსის დამფუძნებელმა ბრიტანელ სამართალდამცავებს დაასწრო — ლონდონში, ეკვადორის საელჩოში შევიდა და აშშ-ის მოწინააღმდეგე ეკვადორის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რაც მიიღო კიდეც.
ასანჟმა ეკვადორის საელჩოში 5 წელი გაატარა, იქ ხვდებოდა მედიას, მართავდა პრესკონფერენციებს და ა.შ. მას საელჩოს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცემია, რადგან თუ ამას იზამდა, ბრიტანეთის პოლიცია მალევე დააკავებდა.
2017 წელს შვედეთმა ასანჟის წინააღმდეგ ყველა გამოძიება შეწყვიტა. 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ვიკილიქსის დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა.
მას შემდეგ, რაც ეკვადორის ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა მთავრობამ ასანჟს თავშესაფარი ჩამოართვა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საელჩო. ის ლონდონელმა სამართალდამცავებმა მყისიერად დააკავეს და მას შემდეგ დიდი ბრიტანეთის ციხეში იყო.
ბოლო წლების განმავლობაში ასანჟის გუნდსა და დიდი ბრიტანეთი-აშშ-ის მთავრობას შორის მიდიოდა სამართლებრივი ბრძოლა, რათა ვიკილიქსის დამფუძნებლის აშშ-ში ექსტრადირება შესაძლებელი გამხდარიყო.
საბოლოოდ, 2024 წლის 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ასანჟმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ციხეს თავი დააღწია და სასჯელიც მოხდილად ჩაეთვალა. შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.