ახალი ამბები

ოქრიაშვილის აზრით, მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, რა დადებითი აქვს პროპორციულ სისტემას

19 ნოემბერი, 2019 • 1151
ოქრიაშვილის აზრით, მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, რა დადებითი აქვს პროპორციულ სისტემას

“ქართული ოცნების” დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს.

მაჟორიტარი დეპუტატის აზრით, ამ თემაზე დისკუსია უნდა გაიხსნას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს ეს საკითხი:

“დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა არის ცუდი აგრეთვე პროპორციულში, 99% ჩვენი მოსახლეობის ვერ გვიპასუხებს იმიტომ, რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, მოსახლეობას ყველა სისტემის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გავაცნოთ და მერე გადაწყდება ეს საკითხი”, – ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, განსხვავება ამ ორ სისტემას შორის ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, მის გუნდშიც არიან თუ არა ასეთი პოლიტიკოსები, ოქრიაშვილი პასუხობს, რომ “დებილი ჟურალისტებშიც ბევრი უნახავს”:

“ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არ იცის. მე ვიცი, რომ ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის, რით განსხვავდება, რა არის დადებითი და რა არის უარყოფითი. დებილები ბევრგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს. ასე რომ, პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებე, რა”, – ამბობს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი.


IRI-ის დაკვეთითა და USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმრავლესობა ემხრობა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც მმართველი გუნდის დაპირება იყო, თუმცა პარლამენტში იმავე უმრავლესობამ ჩააგდო.

კვლევის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე მოსახლეობის 68%-ს სმენია. მათი 78 პროცენტი, ვისაც ამ სისტემის შესახებ სმენია, აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს, 9% ეწინააღმდეგება, ხოლო 13 პროცენტს პოზიცია არ აქვს.

58 პროცენტი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოში დემოკრატიულ განვითარებაზე პოზიტიურად იმოქმედებს, 9 პროცენტის აზრით, ეფექტი ნეგატიური იქნება, ხოლო 33%-ს ამ ეტაპზე პოზიცია არ აქვს.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი