ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მონაწილეა – ცხინვალი

ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გაფრინდაშვილი სპეციალურად ჩავიდა 9 ნოემბრის დილას თბილისიდან სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრედ მდებარე ქართულ დასახლებულ პუქტში, საკორინთლოში, რის შემდეგაც უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი”.

აქვე წერია, რომ КГБ მიიჩნევს, სახელმწიფო საზღვრის ხშირი დარღვევის მიზეზები დაკავშირებულია თბილისის მიერ წნელისში საპოლიციო პუნქტის უკანონო ჩადგმასთან დაკავშირებით [წნელისში ქართული პოლიციის პოსტის აღებაზე ცხინვალი თბილისს ულტიმატუმს უყენებდა. ამ მიზეზით სამი თვეა ჩაკეტილია გამშვები პუნქტი].

ცხინვალის ცნობითვე, გაფრინდაშვილი ორჭოსანის მიდამოებში დააკავეს “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევისთვის”.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი