ახალი ამბები

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაშავებული 5 ადამიანიდან 2 საავადმყოფოში რჩება

19 ნოემბერი, 2019 • 1807
18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაშავებული 5 ადამიანიდან 2 საავადმყოფოში რჩება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 18 ნოემბერს, სულ 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, მათგან 3 ამ დროისთვის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდათ დაზიანებები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე პოლიციელს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა. სამინისტროსს ინფორმაციით ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ძირითადად ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას.


სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი