ახალი ამბები

“რურუას შეიარაღებული დაცვა ჰყავს, თვითონ იარაღს არ ატარებდა”

18 ნოემბერი, 2019 • 2367
“რურუას შეიარაღებული დაცვა ჰყავს, თვითონ იარაღს არ ატარებდა”

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას ჩხრეკა არ ჩატარებულა და იარაღი რეალურად ამოღებული არ არის.

ამასთან, რურუას ახლობლების თქმით, გიორგი რურუას ჰყავს პირადი დაცვა, რომელსაც იარაღის ტარების კანონიერი უფლება აქვს და არანაირი საჭიროება არ ჰქონდა, თავად ეტარებინა გაუფორმებელი იარაღი.

“იარაღი კი არ ჩაუდეს, უბრალოდ, დოკუმენტურად დაფიქსირდა, თორემ იარაღი თვალით არავის უნახავს და არც მისი ჩხრეკა მომხდარა არსად. ძალიან ჟარგონულად რომ ვთქვათ, ნაგლად გაუფორმეს დოკუმენტებით, რომ თითქოსდა აქციიდან მომავალი, ღამენათევი გიორგი რურუა, რომელიც პირად მცველთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ატარებს კანონიერად ცეცხლსასროლ იარაღს, ვითომდა თვითონ გადაადგილდებოდა იარაღით და ავტომანქანაში ჩადეს. არც მანქანა და არც გიორგი რურუა არ გაჩხრეკილა ადგილზე, რაც კანონდარღვევაა”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

რურუას მეგობარი დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ გიორგი რურუას ჰყავს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც აქვს იარაღის ტარების უფლება.

“ამიტომ არანაირ ლოგიკაში ის არ ჯდება, რომ გაუფორმებელი იარაღით ან უკანონო იარაღით  გადაადგილდებოდა განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც იცის, მთავრობა რასაც აკეთებს და მის წინააღმდეგ  არის არაკეთილგანწყობილი. ამიტომ ბრალდება არის აბსურდული. გიორგი არანაირად არ აღიარებს ამ ბრალდებას”, – განაცხადა სიხარულიძემ.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი რურუა დააკავეს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი