ახალი ამბები

შეხვედრების ოთახში ბარიერი ამოავსეს — ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან დაცული კომუნიკაცია შეიზღუდა

27 ოქტომბერი, 2021 • 879
შეხვედრების ოთახში ბარიერი ამოავსეს — ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან დაცული კომუნიკაცია შეიზღუდა

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში, შეხვედრების ოთახში რემონტი ჩაატარეს და მიხეილ სააკაშვილთან დაცული კომუნიკაციის საშუალება, ფაქტობრივად, შეზღუდეს.

“წარმოუდგენელი რამ ხდება. მიხეილ სააკაშვილს, ფაქტობრივად, საერთოდ წაართვეს დაცვის უფლება, ვინაიდან ადვოკატებს მასთან კომუნიკაციის აღარ გვაქვს შესაძლებლობა. მისი და ჩვენი შეხვედრის ოთახი, ბუნებრივია, აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ცხადია, რომ ხორციელდება აუდიოჩაწერა.

იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ბოლომდე ამოვსებული ბარიერი. დღეს, როდესაც შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი.

ბარიერი ბოლომდე ამოაშენეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია არ გვქონდეს და ყველა კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლდეს, გართულდეს კომუნიკაცია. რადგან ადამიანი 27-ე დღეა შიმშილობს. ის დასუსტებულია და ხმის გაგონებაც კი რთულია, თუ ხმამაღლა არ იყვირე”, — განაცხადა საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციის არგუმენტი კორონავირუსის პრევენცია იყო.

ინფორმაცია შეხვედრების ოთახში ბარიერის ჭერამდე ამოვსების შესახებ, რაც წერილის გადაწოდებას შეუძლებელს ხდის, დღეს გაავრცელა უკრაინის სახალხო დამცველმა ლიუდმილა დენისოვამაც.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გუშინ, 26 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს წერილების გამოტანა აეკრძალათ, ასევე, დაბურეს ფანჯარები, რათა გარედან კამერამ სააკაშვილი ვეღარ დააფიქსიროს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაცია, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაწესებულების მესამე სართულზე რემონტი ჩაატარა და მიხელ სააკაშვილის საკნის ფანჯრები დაბურა.

უწყების განმარტებით, მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც, მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ თავად მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. მათივე ინფორმაციით, ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს და ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში მას შემდეგ შიმშილობს.

საშხაპე ოთახში სააკაშვილის მიერ დაზიანებული მინა შეიცვალა, გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი – პენიტენციური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი