ახალი ამბები

„სააპელაციომ გვარამიაზე გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა“ – საძაგლიშვილი

2 ნოემბერი, 2022 • 912
„სააპელაციომ გვარამიაზე გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა“ – საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ სააპელციოს მოსამართლეთა კოლეგიამ „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორს 2015 წლის სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზე ბრალი გადაუკვალიფიცირა და საპატიმრო სასჯელი დააკისრა:

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ციხეში იჯდა კომპანიის ავტომობილის გამოყენებისთვის და ამიტომ გადაწყვიტეს, უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ, არამედ სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა, რათა წარმოაჩინონ, თითქოს ავტომობილის გამოყენების გამო ის საპატიმრო დაწესებულებაში არ იმყოფება.

შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი და ასევე დარჩა. საქმე ეხება 2015 წელს მიღებულ სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდს და კარგად უნდა გვახსოვდეს, რა შემოსავალიც მაშინ მიიღო „რუსთავი 2-მა“ და რაზეც გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს, დღეს სამჯერ ნაკლები აქვს კომპანიას მიღებული“, — ამბობს დიტო საძაგლიშვილი. მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატის თქმით, განაჩენი უკანონოა, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროინტეგრაციის გზაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა. საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიყენა.

3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გვარამის მისჯილი ჰქონდა 2019 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა (მანქანის საქმეზე).

სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მანქანის ნაწილში დაუტოვა სასჯელად 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ხოლო 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, ასევე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უფრო მეტი ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი