ახალი ამბები

ფოტორეპორტაჟი მშვიდობიანი აქციიდან, რომელიც სპეცრაზმით დაშალეს

18 ნოემბერი, 2019 • 1054
ფოტორეპორტაჟი მშვიდობიანი აქციიდან, რომელიც სპეცრაზმით დაშალეს

დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა  სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

საპროტესტო გამოსვლები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 14 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან ამ დანაპირების შესრულებას.

გუშინ, 17 ნოემბერს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის პიკეტირება გადაწყვიტეს. შედეგად, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ვერ შევიდნენ დეპუტატები. თუმცა მუშაობაში ხელი არ შეშლია პარლამენტის ადმინისტრაციაში მომუშავეებს და პოლიციელებს.

სპეცრაზმმა აქციის დაშლა ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყო. პირველ რიგში, გატეხეს ბოქლომები, რომლითაც აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები ჰქონდათ ჩაკეტილი.

პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიწყო.  პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

სამართალდამველებმა ასევე დაშალეს კარვები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებთან აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა გაშალეს.

სამართალდამცველების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისა და კარვების აღების შემდეგ, რუსთაველზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი