ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა

18 ნოემბერი, 2019 • 616
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოძრაობა აღდგა. აქ ბოლო რამდენიმე დღის განამვლობაში აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ განლაგებული, მოძრაობა ამ მონაკვეთზე კი შეჩერებული იყო.

პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყეს. მონაწილეთა დაშლის დროს მათ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

მანამდე აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელთან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მიზნით კარვები ჰქონდათ გაშლილი. აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აიღეს. სპეცრაზმთან ერთად აქ დასუფთავების სამსახურიც შემოვიდა. 

რაც შეეხება დაკავებულებს, აქციის დაშლისას, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 18 ადამიანი.

აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

როგორც შსს აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები: ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა – ვიდეო

მასალების გადაბეჭდვის წესი