ახალი ამბები

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა – დრო 16:40-ზე იწურება

18 ნოემბერი, 2019 • 783
პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა – დრო 16:40-ზე იწურება

პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ ადამიანებს 30 წუთი მისცეს დასაშლელად. ეს ვადა დაახლოებით 16:40 საათზე იწურება. თუ ისინი არ დაიშლებიან, როგორც პოლიცია აცხადებს, “იმოქმედებენ შესაბამისად”.

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე ხდება სპეცრაზმის მობილიზება.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი