ახალი ამბები

პარლამენტის შტურმს არავინ გეგმავს, შსს დეზინფორმაციას ავრცელებს – “ქვეყნის სამსახურში“

18 ნოემბერი, 2019 • 863
პარლამენტის შტურმს არავინ გეგმავს, შსს დეზინფორმაციას ავრცელებს – “ქვეყნის სამსახურში“

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში“, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის შტურმი იგეგმება.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღემალშვილი ამბობს, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლებმა ბევრი ბრიფინგი ჩაატარეს, რომელთა შორის ნაწილი სასაცილო იყო, ნაწილი- სატირალი, ნაწილი კი – “რომელიც უბრალოდ უნდა დავიკიდოთ“.

“სამწუხაროა, რომ შსს თვითონ გამოდგა დეზინფორმატორი და ამბობს, რომ თითქოს ვიღაც ლამობდეს შტურმით აღებას პარლამენტის, თუ ასე იქნებოდა – სულელები ვართ?! რატომ დაადებდნენ პოლიტიკური პარტიები კარებს ბოქლომს და გასაღებს გადააგდებდნენ ხალხში, თუ ვითომ თავად აპირებდნენ შევარდნას.

ასეთ მოკლეფეხება ტყუილს.. როგორ არ გრცხვენიათ?“, – ამბობს დიღმელაშვილი.

“ქვეყნის სამსახუში“ ასევე ეხმაურება კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აქციას მხარდამჭერები არ ჰყავს. დიღმელაშვილი ამბობს, რომ თუ ასეთი მხარდამჭერები მართლაც არ არსებობენ, მაშინ ლოგიკურია, მთავრობამ დანიშნოს არჩევნები და მოიგოს.

“ბიურო იყო ჩანიშნული 15 საათზე და ყველა ეს განცხადება [მთავრობის მხრიდან] იმისკენაა მიმართული, რომ მოქალაქები შეგაშინოთ და ყველანაირად მათ ძალიან რთული ახსნ-განმარტებების გაკეთება მოუწევთ დიპლომატიურ კორუსპთან, იმიტომ, რომ მათ არა მხოლოდ არ სცეს პატივი ქართველ მოქალაქეებს , არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც არ სცეს პატივი“, – ამბობს დიღმელაშვილი.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი