ახალი ამბები

პიკეტირების გამო პარლამენტში კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდა

18 ნოემბერი, 2019 • 1371
პიკეტირების გამო პარლამენტში კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდა

საქართველოს პარლამენტში დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდა.

პარლამენტის შენობის პიკეტირება მეორე დღეა გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტში მისულ დეპუტატებს – რევაზ არველაძეს, მერაბ ქვარაიას და გია ჟორჟოლიანს – შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

პარლამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გადაიდო, თუმცა ჩანიშნული რჩება ბიუროს სხდომა, რომელიც 15:00 საათზე უნდა გაიმართოს.

კანონმდებლობით, პარლამენტის იურიდიული მისამართია პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი, 8. პარლამენტის იურიდიული მისამართის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის გამართვის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასაშვებია ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ შეუძლებელია პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი