“მონები ხართ!” – დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

17 ნოემბრის ღამემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდად ჩაიარა, აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი ამ დრომდე [11:00] პიკეტირებულია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ. 11 საათზე დაგეგმილი იყო ერთ-ერთი კომიტეტის სხდომა, 15 საათზე კი ბიუროს სხდომა უნდა გაიმართოს.

პარლამენტში შესვლა ჯერჯერობით სცადა ორმა დეპუტატმა – რევაზ არველაძემ და მერაბ ქვარაიამ. მათ აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გააცილეს შეძახილებით “მონა! მონა!”

“ქართული ოცნების” დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის მართული უწოდა.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.