ახალი ამბები

ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა – საია პარლამენტის პიკეტირებაზე

18 ნოემბერი, 2019 •
ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა – საია პარლამენტის პიკეტირებაზე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) მიერ დღეს, 18 ნოემბერს გავრცელებული განცხადებით ორგანიზაცია მიმართავს ხელისუფლებას, ანგარიში გაუწიოს არებულ კონტექსტს და არ შეზღუდოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ფორმა. 

“ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯების არარსებობისა და დემონსტრატნთა იგნორირების პირობებში, აქციის მონაწილეები მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას, პარლამენტის შენობის ბლოკირებას. კანონმდებლობა კრძალავს ამ ქმედებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს მას. ამის მიუხედავად, ვინაიდან პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება, საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა”, – წერია განცხადებში. 

საია მოუწდებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, გააცნობიეროს საკუთარი როლი და აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე. განცხადების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” უნდა აჩვენოს კონსენსუსის ნება და არ გამოიყენოს ძალა მწვავე ვითარების დასარეგულირებლად. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოების პროტესტი კონკრეტული საკითხის მიმართ არის სამართლიანი:

“საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ ივნისის ბოლოს მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება”, – წერია საიას განცხადებაში. 


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი