ახალი ამბები

ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ – კალაძე

18 ნოემბერი, 2019 • 1382
ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ – კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნოემბერში საქართველოში აგორებული საპრტოტესტო ტალღის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 18 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც კალაძე ამბობს, ოპოზიციას საკმარისი მხარდამჭერები არ ჰყავს და ისინი ამის გადაფრვას “დესტრუქციული მეთოდებით” ცდილობენ.

“არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ინიციატივის განხილვას. არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით დადგენილ ვადებში. მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემიებს ნუ დააბრალებენ”, – თქვა კალაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კალაძემ ისაუბრა ამჟამად ოპოზიციაში მყოფი პარტიების წარსულ ქმედებებზე და თქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების ინიციატივა გაახმიანა და დაამტკიცა, სწორედ “ქართული ოცნებაა”.

“ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა. შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა (ნაციონალური მოძრაობა) წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია. მეტიც, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არც კი განუხილავთ არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართულ იმ პოლიტიკურ ძალებსა და სუბიექტებს, რომლებიც აქციაზე ვიხილეთ”, – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე თქმით, 2012-2016 წლებში სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიას ხელძღვანელობდა 17 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილე დავითთ უსუფაშვილი, “რომელსაც თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად”.

2017 წელს სწორედ ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განეხორციელებინა წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო. ეს იყო ის მაქსიმუმი, რთული შიდაპარტიული კონსენსუსი, რომლის მიღწევა საკითხისადმი მაჟორიტარი დეპუტატების უდიდესი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე დიდი ძალის ფასად იქნა მიღწეული”, – მიიჩნევს თბილისის მერი.

მისივე თქმით, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია.

როგორც “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი აცხადებს, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე .

“არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით ცნობილი რეჟიმი, რომელიც, პრაქტიკულად, სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს. ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად – უცვლელი რჩება, ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვთ”, – ამბობს კალაძე და ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” პოზიციას, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას და ოპონენტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს.

კალაძის თქმითვე, “ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე მოვლენებისადმი ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული პოზიცია.”


რა ხდება?

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი