საქართველოს რესპუბლიკური პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც პარლამენტის თავმჯდომარეა, პოზიციებს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იმყარებს. მას შემდეგ, რაც კოალიცია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, რესპუბლიკლები მთავრობაში მხოლოდ ერთი მინისტრით იყვნენ წარმოდგენილი, პაატა ზაქარეიშვილით. ასევე ჰყავდათ მინისტრის ორი მოადგილე: თენგიზ შერგელაშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში და დავით ზურაბიშვილი განათლების სამინისტროში. დავით ზურაბიშვილმა თავის დროზე პოსტი დატოვა და რესპუბლიკელებს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მხოლოდ ორი წევრი დარჩათ: სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი. უკანსკნელი სამთავრობო საკადრო ცვლილებების შედეგად კი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას დაანონსა, რესპუბლიკელებს ერთბაშად სამი მინისტრი ეყოლებათ: ზაქარეიშვილი, თინა ხიდაშელი (თავდაცვის სამინისტრო) და გიგლა აგულაშვილი (გარემოს დაცვის სამინისტრო).

აქვს თუ არა როლი ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკელების გაძლიერებაში
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს წლებია აკვირდება, მიიჩნევს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გავლენის გაზრდა რესპუბლიკელებმა თვითონ მოითხოვეს თავისუფალი დემოკრატების მიერ ხელისუფლების დატოვების შემდეგ:
“თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლის შემდეგ მთავრობაში გარკვეულწილად ერთპარტიულობა ჩამოყალიბდა, სადაც მხოლოდ “ოცნების” წარმომადგენელი მინისტრები მუშაობდნენ და ალბათ რესპუბლიკურმა პარტიამ ეს საკითხი კოალიციის წინაშე დააყენა: მათ, როგორც კოალიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილს ჰქონდათ ლეგიტიმური უფლება, რომ მთავრობაშიც ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. მგონია, რომ ეს იყო რესპუბლიკელთა ულტიმატუმი. თუ არა, მოთხოვნა მაინც კოალიციის წინაშე”, – ამბობს გოგოლაშვილი.
მეორე პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებებით კოალიციური ერთობა განმტკიცდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
“გარკვეული დაძაბულობა მუდმივად არსებობს ამ კოალიციაში და იგრძნობოდა, რომ რესპუბლიკური პარტია ხშირად იყო ყველაზე სუსტი რგოლი… ხშირად იყო საუბრები, თუ როდის დატოვებდა რესპუბლიკური პარტია კოალიციას და ასე შემდეგ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან, ფაქტობრივად, მოხსნილია”, – აცხადებს კაკაჩია.
კიდევ ერთი პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელსაც ბათუმელები ესაუბრა, მიიჩნევს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის ხვედრითი წილის გაზრდის გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშილს არ მიუღია და იხსენებს მის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ორ ახალ სახეს, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრებს წარმოადგენდა, სინამდვილეში კი ცვლილება პრემიერის უშუალო გარემოცვის წევრ მინდია ჯანელიძესაც შეეხო და მას თავდაცვის მინისტრის პორტფელის დათმობა თინა ხიდაშელისთვის უწევს:
“ცოტა პარადოქსულია, რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა რესპუბლიკელების გაძლიერება, რადგან ცოტა ხნით ადრე ის აკრიტიკებდა ამ პარტიას. არადა, ექსპრემიერი იშვიათად აკრიკტებს ხოლმე ვინმეს ხელისუფლებიდან. მან რესპუბლიკელები გააკრიტიკა იმიტომ, რომ ამ პარტიის ლიდერები, მისი თქმით, ზედმეტად ლოიალურები აღმოჩნდნენ ალასანიასა და თავისუფალი დემოკრატების მიმართ და მკაფიო პოზიცია არ დაიკავეს, როცა ალასანიას პარტიამ კოალიცია დატოვა. მიუხედავად ამისა, მან გააძლიერა რესპუბლიკური პარტია”, – ამბობს ნოდია და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში ცალსახა შეფასებების გაკეთება რთულია:
“შესაძლებელია, რომ რაღაც ესიამოვნა დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელისგან. შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იყოს დასავლეთის მხრიდან მეტი ნდობის მოპოვების საფუძველი ხელისუფლებისთვის. ალასანიას წასვლის შემდეგ დასავლეთისთვის გასაგებ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები შემცირდა ხელისუფლებაში და ისეთ საკვანძო თანამდებობაზე, როგორიც თავდაცვის სამინისტროა და რომელსაც ნატოსთან ურთიერთობა აბარია, დანიშნა ადამიანი, რომლის დანიშვნასაც დასავლეთი აღიქვამს როგორც ჟესტს, რომ პროდასავალური პოზიცია საქართველოში გაძლიერდა”.
ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებულ როლზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გავლენას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რომელმაც ბათუმელებს უთხრა, რომ საკადრო გადაწყვეტილებების ინიციატორები რესპუბლიკელები არ ყოფილან. მისი განმარტებით, გასულ კვირაში რამდენიმე მინისტრის გადადგომა იყო ამ პროცესის ინიციატორი, რაც შემდეგ კონსულტაციების რეჟიმით გაგრძელდა დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის:
“მე პირადად არ მქონია კონსულტაციები, ასე რომ, ამ გარემოებას [ივანიშვილის მონაწილეობას] ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. არ გამოვრიცხავ, რომ მასთანაც ყოფილიყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ მე პირადად ამის თქმა არ შემიძლია”, – გვითხრა აგულაშვილმა.
რას შეცვლის ეს ფაქტი საგარეო პოლიტიკაში
ყველა ანალიტიკოსი, რომელსაც ბათუმელები ესაუბრა, თანხმდება, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გაჩენილი შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ნატოსთან ურთიერთობებში წარმმართველი ძალა სწორედ თავდაცვის უწყებაა. ამ კუთხით ბოლო პერიოდში არაერთი შეკითხვა გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოალიციის წევრმა მრეწველებმა გააკეთეს ანტიატლანტიკური განცხადებები, ხოლო ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრი ჯანელიძე საფრანგეთთან მნიშვნელოვანი სამხედრო გარიგების დაბრკოლებაში დაადანაშაულა:
“ალასანიას პარტია აშკარად და გამოხატულად პროდასავალურ ფრთას წარმოადგენდა მთავრობაში და მათი წასვლის შემდეგ ამ ფლანგზე უკმარისობა გაჩნდა. შესაძლოა, ამის შევსებას ცდილობენ ახლა კოალიციაში. პროდასავლური მინისტრებიც არიან ახლა მთავრობაში, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პარტიას, რომელსაც კონკრეტული პოზიციები აქვს. იგივე თამარ ბერუჩაშვილი თუ დავით ბაქრაძე გამოკვეთილად პროდასავლური პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მათ არ აქვთ პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტში და ისინი უფრო ტექნოკრატი მინისტრები არიან. ამ თვალსაზრისით მთავრობაში გარკვეული დეფიციტი არის”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
კორნელი კაკაჩიას თქმით კი, რესპუბლიკური პარტიის გაზრდილი როლი მთავრობაში მისასალმებელი ფაქტი იქნება “ოცნების” ლიბერალი ამომრჩევლებისთვის. თუმცა, მისი თქმით, საკითხავია, ხომ არ გამოიწვევს თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა საკანონმდებლო ორგანოში პროდასავლური პოლიტიკოსების დეფიციტს, გამომდინარე იქიდან, რომ ხიდაშელიც და აგულაშვილიც ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე აქტიურად მუშაობდნენ კომიტეტების ფარგლებში. იგივე შეკითხვა კახა გოგოლაშვილსაც აქვს:
“მე ცოტა ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, რომ თუ მთავრობაში რაღაც მიმართულება გაძლიერდება, სამაგიეროდ პარლამენტში შესუსტდება. არ ვიცი, ვინ შევა პარლამენტში ხიდაშელის და აგულაშვილის მაგივრად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ძალა პარლამენტს მოაკლდება”, – ამბობს გოგოლაშვილი.
