ახალი ამბები

ეს არის უწყვეტი, პერმანენტული აქცია – შოთა დიღმელაშვილი

17 ნოემბერი, 2019 • 1362
ეს არის უწყვეტი, პერმანენტული აქცია  – შოთა დიღმელაშვილი

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, პარლამენტთან აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. დღეს, 17 ნოემბერს, აქციაზე გამოსვლისას დიღმელაშვილმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება შეასრულოს.

“ჩვენ აღარ გვაქვს მოთხოვნები, ჩვენ გვაქვს გენგეგმა, რომელიც ამბობს, რომ რუსთაველიდან ხალხი არ წავა. ეს არ არის დღევანდელი ან ხვალინდელი აქცია. ეს არის უწყვეტი, პერმანენტული აქცია. ეს თვითმარქვია მთავრობა ვერ ამუშავდება, სანამ არ მივიღებთ იმას, რაც გვეკუთვნის. იმას, რასაც დაგვპირდნენ. მარსის კოლონიზაცია ჩვენ მათთვის არ გვითხოვია, საკუთარ სიტყვებს რომ სცენ პატივი, ამას ვთხოვთ. ყველა მშვიდობიან გზას ვიხმართ, რომ თქვენ თქვენი ვერ გაიტანოთ და სახელმწიფო ვერ მიიტაცოთ”,-განაცხადა აქციაზე დიღმელაშვილმა.

დღევანდელ აქციას სრული ოპოზიციური სპექტრი უერთდება. ამას გარდა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში”, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტთან აქციებს მართავდა.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანომ 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე, გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი