ახალი ამბები

დიღმელაშვილი: ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით – ესაა ჩვენი გენგეგმა

14 ნოემბერი, 2019 • 639
დიღმელაშვილი: ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით – ესაა ჩვენი გენგეგმა

მოძრაობის – “ქვეყნის სამსახურში” – ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი წერს, რომ მათი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. მისივე თქმით, ზუსტად რა მოთხოვნებს დააყენებენ დღევანდელ აქციაზე, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

“ვადამდელი არჩევნები, გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით – ეს არის ჩვენი გენგეგმა. ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, ოფიციალური პოზიციის გაცხადებამდე გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი.

8 საათზე გეტყვით, მივაღწიეთ თუ ვერა. ახლა პარტიების გაფართოებულ შეკრებაზე მივდივართ”,- წერს დიღმელაშვილი.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და გაითამაშა ფარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი